დღეს სკოლის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს მასშტაბით რამდენიმე რეგიონში ბოლო ზარი აღინიშნა. წელს, პანდემიის გამო, განათლების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს რეკომენდაცია გაუგზავნა, რომლის თანახმად, შესაძლებელია ე.წ. ბოლო ზარის ორგანიზება, მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.
პანდემიამ შეუშალა ხელი ამ დღის დამახასიათებელი პერფორმანსების ჩატარებასაც. დედაქალაქისა და რეგიონების სკოლებში დღეს კოვიდრეგულაციები მკაცრად იყო დაცული.
ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა აბიტურიენტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცა.
საქართველოში სკოლის დამთავრების ბოლო ზარით აღნიშვნის ტრადიცია დიდი ხანია არსებობს. უკვე მეორე სასწავლო წელია, რაც სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი პრევენციული წესების დაცვით და ზოგ შემთხვევაში, დისტანციური რეჟიმით მიმდინარეობს.