3-დღიანი პროტესტის შემდეგ ბორჯომის საწარმოს გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები უცვლელია - ხელფასის მომატება და შრომის პირობების გაუმჯობესება. საწარმოს თანამშრომლებმა მოთხოვნებზე დღეს კიდევ ერთხელ, ამჯერად ქუჩაში მსვლელობის დროს ისაუბრეს.
ვიდრე გაფიცულები ბორჯომის ოფისიდან საწარმოს მიმართულებით მსვლელობით დაიძვრებოდნენ, ქალაქში პროტესტის მონაწილეების საავტომობილო კოლონა მოძრაობდა. ამ ფორმით ისინი მხარდაჭერისკენ ადგილობრივ მცხოვრებლებს მოუწოდებდნენ.
კომპანია "ბორჯომის" თანამშრომლების პროტესტს დილიდან უერთდებოდნენ პროფესიული კავშირის წარმომადგენლები. მათ კომპანიის ადმინისტრაციას კომპრომისზე წასვლისკენ მოუწოდეს. ამასთან, გაფიცულების უფლებების დაცვის მიზნით, მოლაპარაკებებში ჩართვა მოითხოვეს, თუმცა ამას კომპანია ეწინააღმდეგება.
ერთადერთი წერილობითი განცხადების გარდა, რომელიც გუშინ გავრცელდა, კომპანიას დამატებით საჯაროდ პოზიცია არ დაუფიქსირებია. უცნობია მათი შეთავაზებებიც.
კომპანია "ბორჯომის" გარდა, დღეს კიდევ ერთი ქარხანის თანამშრომლები გაიფიცნენ. ამჯერად პროტესტის ფირმას კომპანია "წყალი მარგებლის" თანამშრომლებმა მიმართეს.
ჰოლდინგი "მარგებელი" "ნაბეღლავის" მინერალურ წყალს სავაჭრო ობიექტებზე ანაწილებს. დისტრიბუტორების და მძღოლების დიდი ნაწილი დღეიდან გაიფიცა. მოთხოვნები ამ შემთხვევაშიც ხელფასს და სამუშაო პირობებს უკავშირდება.