აჭარაში მომხდარ თაღლითობას დაპირისპირება მოჰყვა - დაზარალებული მეზღვაურების ოჯახის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ თარჯიმანს, რომელიც, მათი მტკიცებით, თაღლითური სქემის მონაწილეა. დაზიანებულია თარჯიმნის ოფისის ინვენტარი და ტექნიკაც.
დაზარალებული მეზღვაურები და მათი ოჯახის წევრები ყვებიან, რომ ათობით ქართველ მეზღვაურს თურქეთის მოქალაქემ, დასაქმების სანაცვლოდ, სხვადასხვა ოდენობის თანხა გამოსძალა და შეხვედრა დღეს, სარფში დაუთქვა. მეზღვაურები ამბობენ, რომ დაპირების მიხედვით, სარფში ყველა მივიდა თავად ორგანიზატორისა და მისი თარჯიმნის გარდა. თურქეთის მოქალაქემ ტელეფონი გამორთო და მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
მეზღვაურთა ბრალდებების ადრესატი თურქეთის მოქალაქესთან ერთად ქართველი თარჯიმანი ციცო ხარაბაძეცაა, რომელსაც, დაზარალებულების მტკიცებით, ასევე აღებული აქვს გარკვეული თანხა. მეზღვაურები გამოძიების დაწყებას და თარჯიმნის დაკავებასაც მოითხოვენ.
ბრალდებებს უარყოფს თავად ციცო ხარაბაძე და ამტკიცებს, რომ ის თავადაც დაზარალებულია. ხარაბაძე ამბობს, რომ თაღლითობის შესახებ არაფერი იცოდა და მხოლოდ თარგმნაში ეხმარებოდა უცხოელს.
მომხდარზე საქმე აღძრულია და რამდენიმე მეზღვაური აჭარის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზეც დაიბარეს. უწყებაში, ასევე, მოუწევს მისვლა თარჯიმანსაც. დატოვა თუ არა თურქეთის მოქალაქემ საქართველოს ტერიტორია - ამ კითხვაზე პასუხი ისევ გაურკვეველია.