19 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი კვლავ ჩაკეტილია - შეუჩერდება თუ არა ლიცენზია ბავშვთა სახლს, სადაც ომბუდსმენის აპარატსაც არ უშვებენ

რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გალავანს მიღმა - უკვე რამდენიმე თვეა ეს კითხვა პასუხგაუცემელია.

"კურიერი" ბავშვთა სახლში შესვლას დღესაც ცდილობდა, თუმცა ჭიშკარი ისევე ჩაკეტილია ჩვენი ჟურნალისტებისთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის.

მას შემდეგ, რაც "კურიერმა" ამ პრობლემის აქტიური გაშუქება დაიწყო, 1-წლიანი პაუზის შემდეგ, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში სოციალური სამსახურის თანამშრომელი შეუშვეს. ბავშვთა სახლში არსებულ მდგომარეობაზე ჩვენთვის პირველი სატელევიზიო კომენტარიც გაკეთდა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის გუშინდელი კიდევ ერთი მცდელობა შესულიყო პანსიონატში მონიტორინგისთვის, ისევ უშედეგოდ დასრულდა. ომბუდსმენის აპარატი ახლა დაწესებულებისთვის ლიცენზიის შეჩერებას ითხოვს. 

ბავშვთა სახლში სრულყოფილი მონიტორინგის უზრუნველყოფის რეკომენდაცია მისცა სახელმწიფოს გაეროს ბავშვთა ფონდმა, მაგრამ სხალთის ეპარქიის მმართველმა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის რჩევა არ გაითვალისწინა.

ომბუდსმენის აპარატი და საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები შექმნილი სიტუაციის მოგვარების პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებენ. 

სანამ ბავშვთა სახლში სახალხო დამცველს შეუშვებენ, ან სამთვიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ დაწესებულებაში "კურიერის" გადამღები ჯგუფი მოხვდება, პატარა ბენეფიციარებმა, პედაგოგებმა და სასულიერო პირებმა ნინოწმინდის პანსიონატში სულ სხვა მედია საშუალებას უმასპინძლეს. ობიექტივმა ვრცელი რეპორტაჟი მოამზადა როგორ იზრდებიან, ერთობიან, იკვებებიან და ლოცულობენ ბავშვთა სახლის ბინადრები.

დღის ამბები