იმუნიზაციიდან დაახლოებით ერთ წელში მოქალაქეებს აცრის დამატებითი დოზის გაკეთება მოუწევთ. საბოლოო გადაწყვეტილება არის, თუ არა ყველა ვაქცინისთვის მესამე დოზა აუცილებელი ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა არსებული კვლევების გათვალისწინებით, მსოფლიოში შექმნილი ვერცერთი პრეპარატი კორონავირუსის წინააღმდეგ ორ და სამ წლიან დაცვის პერიოდს ვერ იძლევა. შედეგად, არ არის გამორიცხული COVID-19-ის ვაქცინა ისეთივე ყოველწლიური გახდეს, როგორც გრიპის აცრაა.
ვაქცინის ეფექტურობის ხანგრძლივობა მინიმუმ ექვსი თვეა - შესაბამისად მედიკოსები იმუნიტეტის გაძლიერების და სხვა შტამების წინააღმდეგ მოქმედების საუკეთესო გზად მესამე დოზას, ანუ რევაქცინაციას მიიჩნევენ. ექიმები ამტკიცებენ, რომ გამაძლიერებელი აცრა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მაღალ დამცველობით უნარს განაპირობებს.
იმუნიზაციის სრული კურსის, ანუ ორი დოზის ჩატარების შემდეგ, რამდენად შესაძლებელია მესამე დოზით ვაქცინაცია სხვა პრეპარატით განხორციელდეს, საკითხზე მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არ გამორიცხავენ, რომ გამოცდილების შესაბამისად დაგროვდება საკმარისი სამეცნიერო მტკიცებულებები და კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების ჩანაცვლება შესაძლებელი გახდება.
რევაქცინაციის საჭიროებას არ გამორიცხავს ჯანდაცვის მინისტრიც. უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველო ფართომასშტაბიანი სამეცნიერო გამოცდილებით იხელმძღვანელებს.
COVID-19-ის წინააღმდეგ მსოფლიოში 15 სხვადასხვა ტიპის ვაქცინა გამოიყენება. ჯერჯერობით საუბარია ორი დოზის გაკეთების აუცილებლობაზე. დამატებითი დეტალები, რომელი ვაქცინის შემთხვევაში რამდენი დოზაა საჭირო და აუცილებელია, თუ არა მესამე - ბუსტერული დოზა, ვაქცინაციის მწარმოებლები კვლევებზე დაყრდნობით გადაწყვეტენ.