ბურთები სურათზე - 3 სხვადასხვა ფერია, ხომ? არასწორია. სინამდვილეში ყველა ბურთი კრემისფერია.
დევიდ ნოვიკის თქმით, რომელიც ამ ფოტოს შემქმნელი და ელ-პასოში, ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორია, სურათის დაპატარავება ამ ილუზიას აძლიერებს, გაზრდას კი ეფექტი მინიმუმამდე დაჰყავს - ამაში დასარწმუნებლად შეგიძლიათ სურათი გადმოწეროთ და გაადიდოთ.
მაშინ რატომ გვეჩვენება ბურთები სხვადასხვა ფერი? ამის შესახებ სტატია BBC-ზე გამოქვეყნდა.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, აღქმას ამახინჯებს მოვლენა, რომელიც ცნობილია როგორც მანკერ-უაითის ილუზია.
ილუზია მუშაობს ადამიანის თვალის სტრუქტურის თავისებურებებიდან გამომდინარე, რომელიც საგნების ფორმებს უფრო დეტალურად აღიქვამს, ვიდრე ფერებს.
"ამის გამო, მიუხედავად იმისა, რომ სფეროების კონტურები იდენტური ჩანს (რაც ასეც არის), ფერები თითქოს იღვრება და მეზობელ სივრცეებთან ასიმილირდება,"- განმარტავს ნოვიკი.
კერძოდ, სფეროების ფერი უახლოვდება იმ ზოლის ფერს, რომელიც მას წინა მხრიდან კვეთს. ამ კონკრეტულ სურათზე მწვანე, წითელი და ლურჯი ხაზები კვეთენ სფეროებს და ამახინჯებენ ჩვენს აღქმას სფეროების რეალური შეფერილობის შესახებ.
ილუზია ემყარება წინა პლანზე არსებული ზოლების შეფერილობას და არა სფეროების უკან არსებული ფონის ფერს. თუ წინა პლანზე არსებულ ზოლებს წავშლით, ილუზია გაქრება და დარჩება მხოლოდ ერთნაირი კრემისფერი ბურთულები.
ილუზია ანალოგიურად მუშაობს შავ-თეთრი გამოსახულების შემთხვევაშიც. მაგალითად თუ ნაცრისფერ ოთხკუთხედს გადავკვეთავთ თეთრი ზოლებით, ნაცრისფერი უფრო ღია მოგვეჩვენება, პირიქით იქნება შავი ზოლების შემთხვევაში.
ფსიქოლოგმა მაიკლ უაითმა ეს ეფექტი 1960-იან წლებში აღწერა. 1970 წელს კი სხვა ფსიქოლოგმა, ჰანს მანკერმა წარმოადგინა ანალოგიური ეფექტი ფერადი ფორმებისა და ზოლების გამოყენებით, სადაც წინა პლანზე არსებული ზოლები ამახინჯებს უკანა ფონზე არსებული საგნების ფერის აღქმას.
მეცნიერებს ჯერ არ გადაუწყვიტავთ, კონკრეტულად რა ატყუებს ტვინს ამ შემთხვევაში. ზოგი ფიქრობს, რომ ილუზია ჩნდება ვიზუალური დამუშავების ადრეულ სტადიაზე, როდესაც სინათლე ბადურას ეს-ესაა ხვდება. სხვები ფიქრობენ, რომ ეფექტი მოგვიანებით ჩნდება, როდესაც ტვინი მონაცემებს ამუშავებს. შესაძლოა ორივე მხარე მართალი იყოს.
ნოვიკი ამჟამად იკვლევს, თუ რომელი ფერის კომბინაციები იწვევს ფონის ფერის ყველაზე თვალსაჩინო ცვლილებას. ამის გარდა, თავის კოლეგა აკიოსი კიტაოკოისთან ერთად, რომელიც კიოტოში რიტსუმეიკანის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორია, სწავლობს, როგორ განსხვავდება ეფექტი ორგანზომილებიან (2D) და სამგანზომილებიან (3D) გამოსახულებებში.
"ილუზია უფრო აშკარაა სფეროების შემთხვევაში და არა ბრტყელ ფიგურებში. არ ვიცით ასე რატომაა," - აცხადებს ნოვიკი.
ნოვიკი მანკერ-უაითის ილუზიით ჯერ კიდევ 2017 წელს დაინტერესდა და მას შემდეგ საკუთარ ტვიტერზე ამ ილუზიის სხვადასხვა ვერსიებს რეგულარულად ავრცელებს.