ინდოეთში, განგის სანაპიროზე, მთავრობის გადაწყვეტილებით, კრემაციის გარეშე ცხედრების დამარხვის უფლებას აღარ აძლევენ. ამასთან, ინდოეთს, კორონავირუსთან ერთად, შავ სოკოსთან უწევს გამკლავება.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთის შემდეგ, პანდემიამ მნიშვნელოვანი დარტყმა სამხრეთ ამერიკას მიაყენა.
ინდური შტამით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება დიდი ბრიტანეთში. თუ გასულ კვირას მუტირებული ვირუსის ვარიანტის მხოლოდ 1300 შემთხვევა გამოვლინდა - ამ კვირას მისი რაოდენობა თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. ქვეყნის მთავრობა ოპტიმიზმს ინარჩუნებს და აცხადებს, რომ ივნისის ბოლომდე სტატისტიკა მასობრივი ვაქცინაციის შედეგად შეიცვლება.
გერმანიამ, გაერთიანებული სამეფოს ვირუსის ახალ შტამებს შემაშფოთებელი ვარიანტების კლასიფიკაცია მიანიჭა და უსაფრთხოების მიზნით, ბრიტანეთთან მიმოსვლა შეზღუდა. ხვალიდან გერმანიიდან გაერთიანებულ სამეფოში ყველა სახის მგზავრობა იკრძალება, გამონაკლისი მხოლოდ აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევები იქნება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით მსოფლიოში პანდემია არ დასრულდება. ინფექციით გარდაცვალების შემთხვევების არსებული სტატისტიკა კი, ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით შესაძლოა, სამჯერ მეტი იყოს.
ამასობაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა კოვიდ სერთიფიკატების 1 ივლისიდან ამოქმედებას მხარი დაუჭირეს.
დოკუმენტს, როგორც ციფრული, ისე ბეჭდური სახე ექნება. სერთიფიკატში ჩაიწერება, რომ ევროპაში მოგზაურობის მსურველი აცრილია, ჩატარებული აქვს კოვიდტესტი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.