19 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
"ჩვენგან ყოველგვარი დაპირისპირება გამორიცხულია" - ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციისთვის მზადება დაიწყო

ნამახვანჰესის წინააღმდეგ დღეს თბილისში აქცია გაიმართება. 2 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გამოსვლებია დაგეგმილი. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციას რეგიონებიდანაც შეუერთდებიან. დედაქალაქისკენ უკვე დაიძრნენ აქტივისტები რიონის ხეობიდან და ქუთაისიდან.

ამ წუთებში, ადგილზე უკვე იმყოფება ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომლებიც 2 საათზე დაანონსებული აქციისთვის ემზადებიან. აქციის ორგანიზატორები პირად საუბრებში არ გამორიცხავენ, რომ გაიშალოს კარვებიც.

აქციაზე ხალხის შეკრების შემდეგ საპატრულო პოლიცია ტერიტორიას გადაკეტავს. დღევანდელი საპროტესტო აქცია საკმაოდ ეკლექტური იქნება, რადგან სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური პარტიები გეგმავენ მოსვლას, მათ შორის ჰომოფობიური და ულტრანაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლებიც.  

აქციის მონაწილეები ყოველგვარ პროვოკაციასა და დაპირისპირებას გამორიცხავენ. 

"შეჩერდეს ჰესის მშენებლობა - ეს არის ძირითადი მოთხოვნა. იმედი მაქვს, რომ გაითვალისწინებენ ამდენი ხალხის მოთხოვნას. ორგანიზატორები ისეთი ადამიანები არიან, ამდენხანს ისე მოვიდა ყველაფერი, რომ არანაირი პროვოკაციის საბაბი არ ყოფილა. ჩვენგან ყოველგვარი დაპირისპირება გამორიცხულია. მშვიდობიანად გვინდა ეს ყველაფერი მოგვარდეს,"- აცხადებს აქციის მონაწილე მარიკა ლომთაძე. 

შეგახსენებთ, რომ აქტივისტები ნამახვანჰესის აშენებას ეწინააღმდეგებიან და ითხოვენ შეჩერდეს 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულება მთავრობასა და "ენკა" შორის, რის მერეც კომპანიამ ხეობა უნდა დატოვოს; გაუქმდეს მთავრობის განკარგულება უძრავი ქონების გადაცემისა და პრივატიზების შესახებ; გაუქმდეს სამშენებლო ნებართვა და მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი და თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი.

დღის ამბები