უკვე ერთი საათია რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. რამდენიმე წუთში სიტყვით გამოსვლები უნდა დაიწყოს. აქციას სხვადასხვა ჯგუფი და რეგიონიდან ჩამოსული აქტივისტები უერთდებიან. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც.
ორგანიზატორები, ამ დრომდე, საზოგადოებასთან არ გამოჩენილან. აქციის მთავარი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი "კურიერის" კითხვებს არ პასუხობს, აქციების ხანგძლივობასა და კარვების გაშლასთან დაკავშირებით.
თუმცა, აქციის ერთ-ერთი მონაწილე "კურიერთან" ამბობს, რომ ორგანიზატორებს აქვთ უფლება მიღებული კარვების გაშლის თაობაზე.
"ეს ბრძოლა, რომელიც უკვე წლებია დაიწყო ქართველი ერის წინააღმდეგ, ჩვენი, ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა, წმინდა მიწა, ჩვენი წინაპრების სისხლითაა მორწყული, ამ მიწას გვიყიდიან. დღეს, დაახლოებით, 200-მდე კარავი გაიშლება. რიონელებს, ამ ეტაპზე, ორი დღით აქვთ არებული მერიიდან თანხმობა კარვების გაშლაზე,"-აცხადებს აქციის მონაწილე.
აქციაზე უკვე მივიდა საზოგადოებრივი მოძრაობის "ზნეობა დაიცავის" დამფუძნებელი გურამ ფალავანდიშვილი, რომლის თქმითაც, ის სიტყვით გამოსვლას არ აპირებს.
"ვითხოვთ, რომ ჩვენი მამული იყოს დაცული და არ დაიკარგოს მისი ტერიტორიები. მე ვერაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ თუ რამე პროვოკაცია მოხდება, სახელმწიფოს ბრალი იქნება, თუმცა, პროვოკაციას არ ველი, რადგან 0.1% ვერ მოერევა ხალხის ერთობას და ვაჟკაცობას.
ტრიბუნასთან რა მინდა, ჩვენ ვართ როგორც ჯარისკაცები, ჩემი ოჯახით ვარ მისული. ქვემოდან ვუყურებთ რიონელების მოთხოვნებს, გავიზიარებთ, ტაშს დავუკრავთ და ვიდგებით ბოლომდე, სანამ არ გავიმარჯვებთ,"-აცხადებს ფალავანდიშვილი.
აქციაზე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებთაც იმედი აქვთ, აქციის ორგანიზატორები მოახერხებენ იმას, რომ ექსტრემისტულ ჯგუფებს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცეთ.
"ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ქსენოფობიურ განცხადებებს. ჩვენ ერთადერთი მიზანი გვაქვს - სახელმწიფოს ჩვენი ხმა გავაგონოთ. არ აქვს მნიშვნელობა ინვესტორი სადაურია, მთავარია, რომ პროცესები მიმდინარეობს არასწორად. სახელმწიფო იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ ამ პროტესტმა ჩაიაროს მშვიდობიანად,"-აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.
აქციის მონაწილეებს 4 მთავარი მოთხოვნა აქვთ: გაუქმდეს 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულება "ენკათან", მთავრობის განკარგულება უძრავი ქონების გადაცემისა და პრივატიზების შესახებ და სამშენებლო ნებართვა. ასევე, თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი.