ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი აცხადებს, რომ "ნამახვანჰესის" მშენებლობასთან ერთად, პროექტების, დაახლოებით, 80%-ია შეჩერებული.
ასევე, გიორგი ჩიქოვანი ამბობს, რომ მხოლოდ "ნამახვანჰესი" ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
"მხოლოდ "ნამახვანჰესი" ვერ უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, თუმცა ნამახვანი ჩვენი სტრატეგიული პროექტია და მასთან ერთად, სამწუხაროდ უამრავი პროექტია გაჩერებული - დაახლოებით, 80 პროექტია შეჩერებული. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში დაახლოებით, 4 მილიარდი ინვესტიციის ჩადებაა შეჩერებული.
დღეს, ჩვენი ქვეყანა საკუთარ ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ უზრუნველყოფს. 2010 წლიდან 7-ჯერ გაიზარდა ელექტროენერგიის იმპორტი," - აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, ყველა ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია "ენკასთან" არის საჯარო.
"ყველა ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია "ენკასთან" არის საჯარო, ჩვენს ვებგვერდზეც და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზეც ხელმისაწვდომია ყველასთვის.
ჩვენ გვქონდა პრობლემა კომუნიკაციის, მაგრამ ეს არ იყო მიზანმიმართული და თითქოს რამეს ვმალავდით... სამწუხაროდ, ვერ დავანახეთ მოსახლეობას, რომ ჰესებს მოაქვთ სიკეთე და ეს არ არის სიკეთე მხოლოდ კონკრეტული ინვესტორისთვის. ეს არის, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, სუვერენიტეტისთვის და დამოუკიდებლობისთვის,"- აცხადებს გიორგი ჩიქოვანი.
ამასთან, გიორგი ჩიქოვანის თქმით, მათ მოსახლეობას ვერ დაანახეს, რომ ჰესებს პირველ რიგში სიკეთე მოაქვს. დღეს, ის მზად არის ნებისმიერ დროს შეხვდეს "რიონის მცველებს".
დღეს, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია თბილისში იმართება. აქციის მონაწილეები პარლამენტისკენ მსვლელობას აწყობენ.