სოციალური სამართლიანობის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ლინა ღვინიანიძე პრორუსული განწყობის ჯგუფების აქციაზე გამოჩენასთან დაკავშირებით საუბრობს.
ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე სამოქალაქო აქტივისტებს, ლგბტქ+ სამკლაურის გამო ალექსანდრე ფალავანდიშვილი და მისი თანამოაზრეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
"ამ აქციის შინაარსი ვფიქრობ, მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია ეს ეთერი გამოვიყენოთ ამისთვის. ვაჩვენოთ არა მხოლოდ კონკრეტულ ქმედებებზე ჩვენი პოზიცია, ასევე ადამიანებს ავუხსნათ, რაზე საუბრობენ ეს ადამიანები. ეს ადამიანები საუბრობენ ამ ქვეყნის განვითარებაზე, განვითარებაზე, რომელიც სახალხო ინტერესებს შემოიტანს დღის წესრიგში.
ეს აქცია აერთიანებს ძალიან ბევრ სოციალურ ჯგუფს და რა თქმა უნდა, ჩვენ კი არ ვდგავართ მათთან ერთად, ისინი დგანან ამ აქციაზე.
ორგანიზაციები, რომლებიც ამ ქვეყნისთვის, ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებებისთვის მუშაობენ, ყველა მოქალაქე და ყველა ადამიანი, ვინც ამ ქვეყნის მომავალზე ფიქრობს, სწორედ უნდა იდგეს და უნდა აღიარებდეს მნიშვნელობას, როგორც რიონის ხეობის მოძრაობის, ასევე იმ ადამიანების იქ დგომის მნიშვნელობას.
განცხადება გავაკეთეთ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებთ დასაჯოს ის ადამიანები, დაიწყოს პროცესი იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ამ აქციაზე, რომელიც არის სრულიად მშვიდობიანი და ყველა ადამიანისთვის ღია, ეს ადამიანები მოდიან და ძალადობრივ ქმედებებს აქვს ადგილი და ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიცია არ რეაგირებს ფალავანდიშვილის ქმედებებზე და მეტიც, ის არის ლოიალური. ეს აჩენს ეჭვებს, რომ ეს ადამიანები შემთხვევით არ დგანან იქ და სწორედ ეს შეიძლება იყოს მათი მიზანი, რომ გადაიფაროს რიონის ხეობის მოძრაობის ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა,“ - განაცხადა ლინა ღვინიანიძემ.