ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია ხვალ ისევ რიონის ხეობაში გადაინაცვლებს. როგორც აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე განაცხადა, ისინი კოლონით დაიძვრებიან რიონის ხეობისკენ და შეეცდებიან, ადგილზე შეუშალონ ხელი კომპანიის მუშაობას.
"გადავწყვიტეთ, რომ ხვალ ისევ ამ სცენიდან მივმართოთ ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობას და, ზოგადად, ყველა ჩართულ ადამიანს ამ ბრძოლაში და ამის შემდეგ უკვე ჩვენ დავიძრათ ხეობაში კოლონით. ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მივიდეთ იქ და ხელი შევუშალოთ უშუალოდ კომპანიის მუშაობას რიონის ხეობაში,"-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
იქამდე, აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვის მიზნით ფილარმონიისკენ მსვლელობით გაემართნენ. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა დედაქალაქში აქციას ხვალაც გამართავენ, რის შემდეგაც პროტესტს რიონის ხეობაში განაგრძობენ.
შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით თბილისში აქციები უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. აქტივისტები ნამახვანჰესის აშენებას ეწინააღმდეგებიან და ითხოვენ შეჩერდეს 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულება მთავრობასა და "ენკა" შორის, რის მერეც კომპანიამ ხეობა უნდა დატოვოს; გაუქმდეს მთავრობის განკარგულება უძრავი ქონების გადაცემისა და პრივატიზების შესახებ; გაუქმდეს სამშენებლო ნებართვა და მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი და თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი.