19 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
არ ვგეგმავთ, რომ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ხელი შევუშალოთ - ვარლამ გოლეთიანის განმარტება

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციის მთავარ ორგანიზატორს, ვარლამ გოლეთიანს დღეს განმარტებების გაკეთება მოუწია იმ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მისვლის მაგივრად აქციაზე მისვლა შესთავაზა.

მისივე თქმით, ის ღონისძიებისთვის ხელის შეშლას არ აპირებს. 

"რა თქმა უნდა, არავინ გეგმავს, რომ ჩვენ გადავინაცვლებთ იქ და ღონისძიებას შევუშლით ხელს, ეს არ იყო ნაგულისხმევი ჩემს სიტყვებში, რომელსაც მოჰყვა დიდი სპეკულაცია. აქ საუბარია იმაზე, რომ როდესაც ხელისუფლება არ არის ეროვნული ინტერესების გამტარი, არ ითვალისწინებს სახალხო ნებას, უბრალოდ, გაუგებარია, რატომ უნდა მივიდეს ასეთი ჩინოვნიკის მოსასმენად, კონკრეტულად, თავისუფლების მოედანზე ადამიანი. ეს არის გაუგებარი ჩვენთვის და ეს იყო მხოლოდ აღნიშნული იმ ნაწილში, როცა ვთქვით, რომ მოვიდნენ ის ადამიანები აქ და არ მივიდნენ თავისუფლების მოედანზე. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დავიძრათ იმ მიმართულებით და ხელი შევუშალოთ ღონისძიებას. შეუძლიათ ჩვეულებრივად, მათ მართონ ის პროცესი, რომელსაც მართავენ. ჩვენ ამ ნაწილში არ ვებრძვით ხელისუფლებას და რევოლუციის მოსაწყობად აქ არ ჩამოვსულვართ, ბუნებრივია,"-განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით თბილისში აქციები უკვე მესამე დღეა  მიმდინარეობს. აქტივისტები ნამახვანჰესის აშენებას ეწინააღმდეგებიან და ითხოვენ შეჩერდეს 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულება მთავრობასა და "ენკა" შორის, რის მერეც კომპანიამ ხეობა უნდა დატოვოს; გაუქმდეს მთავრობის განკარგულება უძრავი ქონების გადაცემისა და პრივატიზების შესახებ; გაუქმდეს სამშენებლო ნებართვა და მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი და თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი.

დღის ამბები