ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციის მთავარმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა პროტესტის მთავარ მიზეზად, სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებაში არსებული ხარვეზები დაასახელა, რომელიც ჰესის გარემოზე ზემოქმედებას საერთოდ არ ეხება. საუბარია გამოცემა "მთის ამბების" მიერ გასაჯაროებული დოკუმენტზე, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ 2019 წელს მოამზადა. გოლეთიანმა დღეს თქვა, რომ კონტრაქტით სახელმწიფოს ფისკალური ტვირთი იზრდება, რისი გამოაშკარავებაც ჰესის მოწინააღმდეგეთა გამარჯვებაა. შესაბამისად, აქცია ხვალიდან კვლავ რიონის ხეობაში გადაინაცვლებს.
დოკუმენტში, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ ხელშეკრულების გაფორმებამდე მოამზადა, ვკითხულობთ, რომ ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის დადებული კონტრაქტი სახელმწიფოს არაპროპორციულ პასუხისმგებლობას აკისრებს.
დღესვე სააგენტო "ნიუპოსტმა" იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კიდევ ერთი დოკუმენტი გაასაჯაროვა, სადაც აღნიშნულია, რომ კონტრაქტის გაფორმების პროცესში, მხარეებმა რეკომენდაციების უმრავლესობა გაითვალისწინეს.
პროტესტის მესამე დღე ტრადიციული მსვლელობით გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნიდან ფილარმონიისკენ, შემდეგ კი გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლეს, სადაც გზა გადაკეტეს და ქალაქის ცენტრის პარალიზება რამდენიმე საათით მოახერხეს.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები დედაქალაქში ხვალ კიდევ ერთ დემონსტრაციას გეგმავენ, რის შემდეგაც პროტესტს კვლავ რიონის ხეობაში განაგრძობენ.