19 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
ფიცის დადება თავისუფლების მოედანზე და აქცია რესპუბლიკის მოედანზე - "რიონის მცველებმა" ღონისძიებები დამოუკიდებლობის დღეს დაამთხვიეს

რიონის ხეობაში დაწყებულმა პროტესტმა დედაქალაქში გადმოინაცვლა, სურვილით, რომ მოთხოვნა - ნამახვანჰესის პროექტის გაუქმება, მთელმა ქვეყანამ გაიზიაროს და ამ მოთხოვნით საპროტესტო ტალღამ მნიშვნელოვანი თარიღი გადაფაროს.

"რიონის ხეობის მცველის" მოწოდება პოლიტიკურად სენსიტიური აღმოჩნდა მმართველი ძალისთვის. "ქართულმა ოცნებამ", აქციის ორგანიზატორების გაცხადებული მოთხოვნების უკან, შესაძლო პოლიტიკური ინტერესი და რუსული მანიპულაციის მცდელობა ამოიკითხა. ხელისუფლება პროტესტის ქვეტექსტში ევროინტეგრაციის მიზანმიმართულ შეფერხებასა და დესტაბილიზაციის სურვილსაც ხედავს.

პოლიტიკური ოპონენტები მმართველ გუნდს პოლიტიკურ შეფასებას უწუნებენ. ოპოზიციას არც ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების ხარისხი მოსწონს. 26 მაისის თარიღის ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით კი ოპოზიციას განსხვავებული მიდგომები აქვს.

პოლიტიკური შეფასებების გარდა ოპოზიციას ნამახვანჰესთან დაკავშირებით ინიციატივებიც აქვს. პარლამენტში მმართველი გუნდის ოპონენტები საკომიტეტო მოსმენას ითხოვენ, ყველა კითხვაზე პასუხის მისაღებად.

პარლამენტს მიღმა მყოფების ნაწილი რეფერენდუმზე საუბრობს, ხალხის განწყობის გასაზომად. ინიციატივა პოლიტიკაში ახლადმოსულ ლევან ვასაძეს ეკუთვნის.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში, როგორც თვითონ აღნიშნავენ, უფრო მეტი კითხვა და ვარაუდი დაუგროვდათ, ვიდრე პასუხი. ხელისუფლება აქციის ორგანიზატორებისგან პასუხს ელოდება. "ქართული ოცნება" ძალაში ტოვებს დიალოგის შეთავაზებასაც.

გადავა თუ არა პროცესები ქუჩიდან სამუშაო ფორმატში, ოთახში - ბუნდოვანია. "რიონის ხეობის მცველებმა" ხელისუფლების შეთავაზება უპასუხოდ დატოვეს. მათ ხვალ თბილისიდან ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს, სკამი დიალოგის მაგიდასთან კი აქციის ორგანიზატორებს ისევ ელოდება.

დღის ამბები