იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის პროტესტის მიზეზი, როგორც თავად ამბობს, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის ფორსირებულად წარმართვაა. ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო ოთხმა კანდიდატმა გასაუბრების პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა და განაცხადი უკან გაიტანა.
ნაზი ჯანეზაშვილის საპასუხოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განმარტა, რომ კანონმდებლობის შესაბამისად ვაკანტურ ადგილებზე უზენაეს სასამართლოში და იუსტიციის საბჭოში წევრების შერჩევის პროცესი ვერ შეფერხდება.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 9 ვაკანტური ადგილია. აქედან 4 წევრს, ხვალ მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე აირჩევენ. უზენაეს სასამართლოში კი 38 კანდიდატიდან 11 უვადო მოსამართლე გახდება.
ოპოზიცია პროცესების შეჩერებას, მოსამართლეთა კონფერენციის გადადებას და შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული საარჩევნო რეფორმის გატარებას ითხოვს.
მოსამართლე და არამოსამართლე წევრების შერჩევის პროცესის გადავადების ინიციატივა აქვთ ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებსაც. ამ სულისკვეთებას იზიარებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც.
"ქართული ოცნების" წევრების შეფასებით კი, სასამართლო დამოუკიდებელია და პარლამენტი არ არის უფლებამოსილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას ხელი შეუშალოს.