საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. გენერლის ნეშტი სამების საკათედრო ტაძრიდან ამ წუთებში გამოასვენეს.
დაკრძალვის ცერემონიას ხელისუფლების წარმომადგენლები, პრეზიდენტი და პოლიტიკოსები ესწრებიან. პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.
შესრულდა პირველი რესპუბლიკის ჰიმნი.
სიმბოლურად გენერალ გიორგი კვინიტაძის დაკრძალვა დამოუკიდებლობის დღეს ხდება.
აღსანიშნავია, რომ გენერლის ნეშტის გადმოსვენება საფრანგეთიდან საქართველოში მისი გარდაცვალებიდან მხოლოდ 51 წლის შემდეგ მოხერხდა. პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქვეყნის წინაშე, სამხედრო პატივით მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.