გენერალ გიორგი კვინატიძის დაკრძალვის ცერემონიაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სიტყვა საპატრიარქო ტახტის მემკვიდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ წაიკითხა.
"გენერალ გიორგი კვინიტაძე-ჩიქოვანის ცხედართან მდგომთ გვიპყრობს მწუხარებაც და სიხარულიც.
მწუხარება იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გვახსენდება წითელ არმიასთან ჩვენი მებრძოლების უთანასწორო დაპირისპირება და წაგებული ომი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩვენი ქვეყნის ბედი.
სიხარული იმიტომ, რომ სამშობლო არ ივიწყებს და სიყვარულით იბრუნებს თავის ერთგულ შვილებს.
ხუთი დღის განმავლობაში, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის უკანასკნელი მთავარსარდლის ნეშტი წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს, არ შეწყვეტილა აქ მსახურება მისი სულის საოხად. მოძღვრები და მრევლი სხვადასხვა ეკლესიისა, იხდიდნენ პანაშვიდებს, იკითხებოდა ფსალმუნები, აღევლინებოდა გალობა... გენერალ გიორგი კვინიტაძეს პატივი მიაგეს ჯარისკაცებმა, და რა თქმა უნდა, ჩვენმა საზოგადოებამაც.
უცხოეთში გადახვეწილი, გაჭირვებაში მცხოვრები, გულგატეხილი მხედარმთავარი, სიმბოლო ვაჟკაცობისა, გონიერებისა და თავდადებული მოღვაწეობისა, სიცოცხლეში ალბათ ვერც იოცნებებდა ასეთ დაბრუნებაზე; ვერ იოცნებებდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დამაშვრალი, სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს პატივით მიებარებოდა სამშობლოს მიწას.
მისი ბიოგრაფია ერთხელ კიდევ ყველას გვახსენებს, რომ არ შეიძლება პირადულ და ვიწრო პარტიულ ინტერესებს ქვეყანა და საქვეყნო საქმეები შეეწიროს, რომ უმთავრესია სწორი ორიენტირების შენარჩუნება და ჩვენი ცხოვრებით ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის მსახურება რა საქმიანობასაც არ უნდა ვეწეოდეთ და სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ.
ღმერთმა დალოცოს და სავანესა მართალთასა დააწესოს ბ-ნ გიორგი კვინიტაძე-ჩიქოვანის უკვდავი სული. ღმერთმა დალოცოს მისი შთამომავლები და ახლობლები.
მადლობა საფრანგეთს ქართველ ემიგრანტთა მიღებისა და პატრონობისათვის.
მადლობა საქართელოს პრეზიდენტს დიდი გენერლის სამშობლოში დაბრუნების ინიციატივისათვის.
ღმერთი სიყვარულისა და მშვიდობისა იყოს თქვენ ყოველთა თანა, ამინ!" - განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.