რესპუბლიკის მოედანზე კარვები აიღეს. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები დედაქალაქს დღეს დატოვებენ და პროტესტს რიონის ხეობაში განაგრძობენ.
აქციის მთავარი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თუ ხელისუფლება არ აღასრულებს საზოგადოების დაკვეთას, ის ვერ იქნება იმ საზოგადოების ხელისუფალი.
"ძალა არის ხალხში და თუ ხელისუფლება, რომელიც არ გაითვალისწინებს ხალხის ნება-სურვილს და არ აღასრულებს იმ დაკვეთას, რაც არსებობს საზოგადოებაში სხვადასხვა მიმართულებით, ის ვერ იქნება ამ საზოგადოების ხელისუფალი. არანაირი არგუმენტი არ აქვს მოპირდაპირე მხარეს. მან უნდა იგრძნოს და თუ არ იგრძნობს, ჩვენ უნდა ვაგრძნობინოთ ვალდებულება მოსახლეობის წინაშე, რომ გადადგას ინ ნაბიჯი, რაც არის ხალხის ნება და არ გაჯიუტდეს, თორემ ეს მიიყვანს ჩამოშლამდე ამ სისტემას და ამ ჩამოშლაზე პასუხისმგებლობა იქნება თავად მათზე," - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით თბილისში აქციები4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქტივისტები ნამახვანჰესის აშენებას ეწინააღმდეგებიან და ითხოვენ შეჩერდეს 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულება მთავრობასა და "ენკა" შორის, რის მერეც კომპანიამ ხეობა უნდა დატოვოს; გაუქმდეს მთავრობის განკარგულება უძრავი ქონების გადაცემისა და პრივატიზების შესახებ; გაუქმდეს სამშენებლო ნებართვა და მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი და თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი.