ენერგოომბუდსმენის განცხადებით, ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდა არასასიამოვნოა, რა თქმა უნდა "თბილისი ენერჯის" აბონენტებისთვის და ბუნებრივია აღნიშნულს სოციალური ეფექტი ექნება.
სალომე ვარდიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო განაგრძობს გარკვეული მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებას იმისთვის, რომ მოსახლეობაზე დამატებითი ხარჯები მაქსიმალურად ნაკლებად აისახოს.
რაც შეეხება პროცედურებს და კანონიერებას მიღებული გადაწყვეტილების, ენერგოომბუდსმენი ეთანხმება იმას, რომ ამისთვის ლეგიტიმური არგუმენტები არსებობდა.
"მოსალოდნელი იყო, რომ "თბილისის ენერჯი" წარმოადგენდა მოთხოვნას ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით, ვინაიდან დღევანდელი ცვლილება არის შესყიდვის კომპონენტზე და შემდგომ განაწილების კომპონენტთან დაკავშირებული, რაც პირდაპირ კავშირშია მომხმარებლის ინტერესებზეც, ვინაიდან, აქ სამომხმარებლო ტარიფის ფასი იცვლება, თან შეიცვალა სერიოზულად, დაახლოებით 8 თეთრიანი კორექტირება განიცადა ზრდის თვალსაზრისით.
შესაბამისად, ჩვენ პირველ რიგში შევამოწმეთ სამართლებრივი საფუძვლები, რაც სრულად წესრიგში იყო და აგრეთვე მარეგულირებელ კომისიაში არ დარღვეულა საჯაროობის პრინციპი. ნებისმიერი კორექტირება ზრდის თვალსაზრისით გამოიწვევს მომხმარებლის სოციალურ-ეკონომიკური ფონის გაუარესებას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კუთხით იქნება ის სოციალური პროექტები თუ პროგრამები, რასაც ამ მთელი პანდემიური პერიოდის განმავლობაში ახორციელებდა სახელმწიფო," - განაცხადა ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა.