ახალციხეში, სოფელ საძელში, რამდენიმე დღის წინ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება 70 წლის ქალს დაუფიქსირდა, ასპინძაში კი - მოზარდს.
ისინი მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადიან. მკურნალი ექიმი აცხადებს, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკიდან მალე გაწერენ.
მოზარდი საავადმყოფოში 4 დღის წინ შეიყვანეს, როგორც ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი "რუსთავი 2-თან" ამბობს, პაციენტს რეანიმაციული განყოფილება აღარ სჭირდება და მისი მდგომარეობის მართვა მარტივად შესაძლებელია.
ინფექციონისტი გია დეისაძე "რუსთავი 2-თან" განმარტავს, რომ ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს ცხელების მართვას წარმატებით ახერხებენ და ფატალური შემთხვევები თითქმის არ არსებობს.
გია დეისაძე აღნიშნავს, რომ დაავადების მკურნალობა თავიდანვე უნდა მოხდეს, სანამ ინფექცია ორგანოების განადგურებას დაიწყებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, შემთხვევა ფატალურად დასრულდეს.
"პაციენტი როდესაც აღმოჩნდება ჩვენთან, თითქმის 100%-ია იმის შანსი, რომ გამოჯანმრთელდება. მთავარია, დროულად მოვიდეს ჩვენთან ინფექციურ საავადმყოფოში.
ვიცით ჩვენ ამის მართვა და ასეთი პაციენტების გადარჩენა. დროულად მომართვაში ვგულისხმობ მაშინვე, რადგან ერთი კვირის შემდეგ ძალიან ბევრი ორგანო ზიანდება და გვიანდება მკურნალობა,"-აღნიშნა გია დეისაძემ.
რა სიმპტომები აქვს ყირიმ-კონგოს ინფექციას და როგორ უნდა გაარჩიოს ადამიანმა ჩვეულებრივი ცხელებისგან
"ყირიმ-კონგოს ძირითადი სიმპტომებია: ძლიერი ინტოქსიკაცია; ცხელება; ძლიერი თავის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება; ცნობიერების დაბინდვა. ამიტომ პირველ დღეებშივე საჭირო სტაციონირება.
ეს არის გაცილებით მძაფრი და სწრაფი ინფექცია, რომელიც გაზაფხულის დადგომას უკავშირდება. წელს უკვე ყირიმ-კონგოს სამი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში.
ზამთარში, ფაქტობრივად, არ არსებობს ეს დაავადება. რადგან გაზაფხულის დადგომასთან ერთად პროვოცირდება, ეს ემართებათ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ სოფლად და აქვთ ცხოველებთან შეხება. მღრღნელებთან, ვირთაგვებთან და ა.შ.
იყენებენ წყალს, რომელიც ამ ცხოველების შარდით არის დაბინძურებული,"- აღნიშნა გია დეისაძემ.
2020 წელს საქართველოში ყირიმ-კონგოს სულ 10 შემთხვევა დაფიქსირდა. 10-ივე პაციენტის მდგომარეობა მალევე დასტაბილურდა და ფატალურად არცერთი დასრულებულა.