19 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
რა რისკების წინაშე დგას ქვეყანა ინდური შტამის დადასტურების შემდეგ - ექიმების განმარტებები

რა რისკების წინაშე დგას ქვეყანა კორონავირუსის ინდური შტამის დადასტურების შემდეგ - სპეციალისტები ამბობენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა, ამავდროულად ეპიდემიოლოგების ნაწილი ვირუსის ამ ვერსიის უფრო სწრაფად გავრცელების უნარზე ამახვილებს ყურადღებას. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, დაავადების სწრაფი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ვაქცინაცია. 

"ამ შემთხვევებთან დაკავშირებით გატარდა ყველა შესაძლო ღონისძიება, რათა შემდგომი გავრცელებისგან როგორმე დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ეს მუტირებული შტამი, როგორც ახლა აფასებენ, გადამდებლობის უფრო მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ვიდრე აქამდე ცნობილი, სხვა მუტირებული შტამები იყო. შესაბამისად, შეიძლება დაავადების სწრაფი გავრცელება მოგვცეს. ჩაიტარეთ ვაქცინაცია, მიიყვანეთ თქვენი მეგობრები, მეზობლები, ოჯახის წევრები ასაცრელად, როგორმე ვაქცინაციის მოცვა უნდა გავზარდოთ ქვეყანაში. ამისი დრო ჯერ კიდევ გვაქვს,"- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა. 

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ინდური შტამი ორჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ჩვენთან გავრცელებული ბრიტანული შტამი. 

"ვაქცინირებულ ადამიანებს, რა თქმა უნდა, რისკი ნაკლები აქვთ. ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, ეს კიდევ ერთი არგუმენტია, რომ ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ვინაიდან ინდურ შტამს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს, როგორც შეშფოთების შტამს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თვისება, რაც ინდურ შტამს ახასიათებს, რომ იყოს უფრო ადვილად გადამდები, გარკვეული რისკია ინფექციის შემთხვევების მატების, ნებისმიერ ქვეყანაში,"- განაცხადა ივანე ჩხაიძემ. 

განსხვავებული მოსაზრება აქვს ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს, რომელიც ამბობს, რომ ინდური და ბრიტანული შტამები გავრცელების სისწრაფით ერთამენეთისგან დიდად არ განსხვავდება. 

"ინდური შტამი აჩვენებს, რომ ის 15-დან 50%-მდე უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე კორონავირუსის საწყისი შტამი. ეს დაახლოებით იგივე ფარგალია, რაც არის ბრიტანული შტამი, რაც დღეს ჩვენთან დომინანტურია.

შესაბამისად, გადაცემის სიხშირის და სისწრაფის თვალსაზრისით, არაფერი არ შეცვლილა. ამასთან, ჯერჯერობით არავითარი მინიშნება, რომ ინდური ვარიანტი იწვევს უფრო მძიმე დაავადებას ან ხანგძლივ ავადობას, არ არსებობს. შესაბამისად, ამ მხრივ შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს,"- განაცხადა კულუმბეგოვმა. 

დღის ამბები