19 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
USAID საქართველოს მისიის დირექტორმა 4 რეგიონის პროფესიულ კოლეჯს "რეგიონული ტურ-გიდების პროგრამისთვის“ ინვენტარი გადასცა

USAID საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა Zrda-ს ხელმძღვანელ ქეთევან ჭუმბურიძესთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილე ეკატერინე დგებუაძესთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილთან და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ თამარ მახარაშვილთან ერთად ოთხ რეგიონულ - ახალციხის, გორის, კაჭრეთის და ზუგდიდის პროფესიულ კოლეჯებს "რეგიონული ტურ-გიდების პროგრამის“ განხორციელებისათვის შესაბამისი ინვენტარი გადასცა.

გარდა ამისა, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ Zrda-ს, მარნეულისა და კასპის კოლეჯებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას, რომელიც ასევე ზემოხსენებული ოთხი კოლეჯის მსგავსად, "რეგიონული ტურ-გიდების პროგრამის“ შემუშავებას, შესაბამისი ინვენტარის გადაცემას და აქტივობის სრულყოფილად განხორციელებაში დახმარების გაწევას გულისხმობს, რაც სამომავლოდ ქვეყანაში ტურიზმის მდგრად განვითარებას და სექტორში დასაქმებას შეუწყობს ხელს.

2019 წლის ივნისში Zrda-მ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმა საქართველოს 4 რეგიონში მდებარე პროფესიულ კოლეჯებთან, როგორებიცაა: კაჭრეთის კოლეჯი "აისი“; გორის კოლეჯი "განთიადი“; ახალციხის კოლეჯი "ოპიზარი“; შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი.

მემორანდუმის ფარგლებში, პროექტი პარტნიორ რეგიონულ კოლეჯებს საჭირო აღჭურვილობითა და ინვენტარით უზრუნველყოფს, რაც ხელს შეუწყობს Zrda-ს ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის განხორციელებული რეგიონული ტურ-გიდის მომზადება/გადამზადების საპილოტე პროგრამების ავტორიზაციის პროცესს.

საერთო ჯამში, Zrda-მ 70 000 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება გამოყო, რათა პარტნიორ რეგიონულ კოლეჯებს დახმარებოდა, პროექტის პარტნიორი კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მეშვეობით, შეემუშავებინათ და დაენერგათ სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსი ტურისტული გიდების მოსამზადებლად, შეექმნათ სასწავლო მასალები, უზრუნველეყოთ კოლეჯში მომუშავე მასწავლებელ-ტრენერთა გადამზადება საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით, მოემზადებინათ ბიზნესგეგმა თითოეული კოლეჯისათვის და დაეორგანიზებინათ ტრენინგები და ვორქშოპები. 

ზემოაღნიშნული ტრენინგ-პროგრამების განხორციელების უზრუნველსაყოფად თითოეული კოლეჯის მიერ, Zrda-მ განაგრძო მხარდაჭერა და დამატებით 20 000 აშშ. დოლარის ოდენობის დაფინანსება გამოყო, რათა რეგიონული კოლეჯებისათვის საჭირო ინვენტარი შეეძინა და გადაეცა (კარვები, საძილე ტომრები, ლაშქრობისათვის საჭირო ჯოხები, ზურგჩანთები, ბინოკლები, საკემპინგე ჭურჭელი, თერმოსები, საწვიმრები, თერმო-ჩანთები, GPS ნავიგაციის მოწყობილობები, საკემპინკე ღუმელები, გასაშლელი მაგიდები სკამებით და ა.შ.) ასევე გადასცა აუდიტორიის მოსაწყობად საჭირო ინვენტარიც (კომპიუტერები, მაგიდები, პროექტორი და ეკრანები, ციფრული კამერები, წიგნები, რუკები და ატლასები). 
ზემოაღნიშნული ოთხი პროფესიული სასწავლებლის გარდა, Zrda კიდევ დამატებით, პროექტის სამიზნე რეგიონში მდებარე მარნეულისა და კასპის პროფესიულ სასწავლებლებს ანალოგიურ დახმარებას გაუწევს.

სწორედ ამიტომ, პროექტი მარნეულისა და კასპის კოლეჯებთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს გააფორმებს და დამატებით 15 000 აშშ დოლარის ფინანსურ რესურსს გამოყოფს, რათა ისინი ზემოხსენებული 4 პროფესიული სასწავლების მსგავსად აღჭურვოს და რეგიონული ტურ-გიდის მომზადება/გადამზადების საპილოტე პროგრამების ავტორიზაციის პროცესში დაეხმაროს. ასევე, Zrda გეგმავს მარნეულის პროფესიულ კოლეჯს მოუწყოს (200 კვ.მ) სადემონსტრაციო სათბური თავად კოლეჯის ტერიტორიაზე, რომელიც სოფლის მეურნეობის პროგრამის სტუდენტებისთვის იქნება განკუთვნილი და მათ პრაქტიკული გამოცდილების მიღების საშუალებას მისცემს. 

რეგიონებში ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად Zrda ხელს უწყობს ახალი ტურისტული პროდუქტის შემუშავებას, ახალი ტურისტული ობიექტების და ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციასა და ტურიზმის სექტორში ჩართული მხარეების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესებას კომპლექსური მიდგომის გამოყენებით.

დღის ამბები