კორონავირუსის ახალ მუტაციას გაცილებით მაღალი გავრცელების პოტენციალი აქვს. ინდური შტამი ქვეყანაში ინფექციის შემთხვევების მატების რისკს ქმნის. ვირუსის ეს ფორმა გადადების მაჩვენებლით ჩამორჩება ბრაზილიურ შტამს და ორჯერ მეტად გადამდებია, ვიდრე ბრიტანული.
მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ე.წ. ინდური შტამი შესაძლოა ინფექციის შემთხვევების მატების რისკი იყოს. ექიმები თანხმდებიან, რომ ინფექციის ეს ფორმა გაცილებით აგრესიულია, თუმცა სხვა შტამებისგან განსხვავებული კლინიკური ნიშნები არ აქვს და მკურნალობაც იმავე პროტოკოლით მიმდინარეობს.
COVID-19 ის აგრესიული ტიპი "ინდური შტამი" განსაკუთრებით საშიშია ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც იმუნიზაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს, შესაბამისად, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მედიკოსები ხელისუფლებას ვაქცინაციის გააქტიურების და შეზღუდვების დაანონსებული შემსუბუქების პროცესში სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
ე.წ. ინდური შტამის რისკების პრევენციისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისა და იმუნიზაციისკენ მოუწოდებს. სპეციალისტების განმარტებით, ვაქცინაცია ადამიანებს მძიმე დაავადებისა და გარდაცვალებისგან დაიცავს და მათი მტკიცებით, არსებული ვაქცინები ყველა მუტირებულ შტამს ფარავს.
ე.წ. ინდურ შტამთან დაკავშირებით სრულყოფილი ცნობები არ არსებობს. არის თუ არა ეს შტამი უფრო მძიმე და შეუძლია თუ არა მეტი ლეტალური შემთხვევების გამოწვევა, ჯერ კიდევ კვლევის საგანია.