გელათის ტაძრის რესტავრაცია-კონსერვაცია და ძეგლზე ჩატარებული დროებითი სამუშაოები - ეს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" კვლევის მთავარი ხაზია. ავტორებმა შეისწავლეს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც კულტურული მნიშვნელობის ძეგლის გარშემო იქნა მიღებული და მთავარ პასუხისმგებელ ორგანოდ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დაასახელეს.
ორგანიზაციის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ჩატარებული სამუშაოების შემოწმების პროცესში სააგენტო არასაკმარის ყურადღებას იჩენდა, საპროექტო წინადადებების დამტკიცება კი არასათანადო განხილვებით მიმდინარეობდა, ამან ძეგლის დაზიანება გამოიწვია.
ტაძრის დროებითი სამუშაოების ჩატარების პროცესში რამდენიმე ორგანიზაციაა ჩართული. პროექტებს კომპანია "საქართველოს მემკვიდრეობა” ამზადებდა, სამუშაოს შესრულების თანხმობას კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გასცემდა. დამტკიცებული პროექტების შესრულება შპს ”იკორთა 2007-ს" ევალებოდა. გარდა ამ ორი კომპანიისა, ფიგურირებს კიდევ ერთი ორგანიზაცია - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, რომელსაც სამუშაოების შესასრულებლად თანხები უნდა მოეძიებინა. 2021 წელს სააგენტომ ამ კომპანიასთან ერთად სამუშაოების შემსრულებელიც დააჯარიმა და მიზეზად დარღვევით განხორციელებული სამუშაოები დაასახელა.
"ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის" დირექტორისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოძიებაა, ამბობს, რომ ძეგლის დაზიანების პროცესში ყველა ორგანიზაციას თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია მთავარ პასუხისმგებელ პირად მიიჩნევს, კომენტარი არ გაუკეთებიათ. "კურიერი" დაუკავშირდა კახა ტრაპაიძესაც, რომელიც კომპანია "საქართველოს მემკვიდრეობის” თავმჯდომარეა და გელათის რეაბილიტაციისთვის პროექტებს ამზადებდა. მან ბრალდებები უარყო.
დაზიანებული გელათის საკითხს კიდევ ერთხელ ეხმაურება კულტურის მინისტრი. თეა წულუკიანი ამბობს, რომ ძეგლის დაზიანებაზე პასუხისმგებელ ორგანოს გამოძიება დაადგენს.
მრავალწლიანი და მრავალმილიონიანი რეაბილიტაციის მიუხედავად, გელათის სამონასტრო კომპლექსს კვლავ საფრთხე ემუქრება. უხარისხოდ შესრულებული გადახურვის სამუშაოების გამო მონასტერში წყალი ჩავიდა და ფრესკების ერთი ნაწილი დაზიანდა.