19 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
საქართველოზე შეყვარებული მეცნიერი, რომელმაც შვილს ნათელა დაარქვა, თბილისში 50-ჯერ იმყოფებოდა - ის ოქროს საწმისის ჯილდოს მფლობელი გახდა

თბილისში 50-ჯერ ჩამოსული ფრანგი მეცნიერი ოქროს საწმისის ჯილდოს მფლობელი გახდა - "კურიერის" ინტერვიუ 80 წლის პოლიგლოტთან, რომელიც წლებია საქართველოს პოპულარიზაციას ეწევა - ქართული ხელნაწერების ფრანგი მკვლევარი ბერნარ უტიე, რომელმაც საქართველოს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი მიუძღვნა.

თბილისში რომ ჩამოვიდა, ძველ ქართულად საუბრობდა, რომელიც პარიზში დამოუკიდებლად ისწავლა, თან ლათინური ლექსიკონით. ეს 46 წლის წინ იყო, მას შემდეგ იწყება ძველი ქართულის კვლევის მრავალწლიანი ისტორია, რომლის განმავლობაშიც პარიზელი მეცნიერის ხელში ასობით ქართულმა ტექსტმა გაიარა. თბილისში პირველად ჩამოსული ბერნარდ უტიე სამშობლოში საქართველოზე უზომოდ შეყვარებული დაბრუნდა და არა მხოლოდ ენის გამო.

"როდესაც ვნახე ჯვარი, ასეთი ემოცია არასოდეს მქონია..." - ამბობს მეცნიერი.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელ წევრს არაერთი მიკარგული ტექსტი უპოვია. სწორედ მან დაადგინა "ახალი აღთქმის" ქართულენოვანი თარგმანების წარმომავლობა. ახლა მადრიდში ქართველოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობს და უახლოეს მომავალში ძველი ქართული ენის კრიტიკული ტექსტის გამოსაქვეყნებლად ემზადება ესპანურად. მალე გამოვა ქართული ხელნაწერების აღწერილობაც.

ბერნარდ უტიე გვიყვება, რომ ქართულ ენას საკუთარ მეუღლესაც ასწავლიდა, საქართველოს სიყვარულით საკუთარ ქალიშვილს ნათელა დაარქვა. 

თბილისში 50-ჯერ მაინც ყოფილა, დედაენის ძეგლთან კი - პირველად. ამჯერად მისი ვიზიტის მიზეზი ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის კვლევაში და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - "ოქროს საწმისის" ორდენის მიღებაა. სიმბოლურია, რომ ის პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გადასცა, ვისი მამაც, ლევან ზურაბიშვილი პირველი ქართველი იყო, ვინც ბერნარდ უტიემ პარიზში გაიცნო.

დღის ამბები