კლასი, სადაც ყველა კაცია და ყველა 40 წლამდე. მამები სწავლობენ ურთიერთობას შვილებთან. სკოლა, რომელიც არაერთი ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკაა, საქართველოში პირველად გაიხსნა. დაწესებულებას უკვე 14 მოსწავლე ჰყავს.
8 სესიის განმავლობაში მამებმა ისეთ უნარები უნდა შეიძინონ, რომელიც მათ უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევთ. სკოლა იმ კაცებისთვისაა, ვინც შვილის დაბადებას ელოდება ან უკვე ყავს სამ წლამდე ბავშვი. მამების სკოლა რამდენიმე ორგანიზაციის პარტნიორობით შეიქმნა, მათ შორის გაეროს დაფინანსებით.
პროექტის პარტნიორი გაგუას კლინიკაა, სადაც სასწავლო სესიები მიმდინარეობს. მამებს ჩვილთან მოპყრობასა და მეუღლის ორსულობის პერიოდზე ინფორმაციას სწორედ კლინიკის მეან გინეკოლოგები აწვდიან.
მამების სკოლაში სწავლა უფასოა, თუმცა შემოდგომამდე ადგილები შევსებულია. მამები რომლებსაც სურთ, რომ შვილის ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთონ კვირაში ერთხელ იკრიბებიან. პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად კაცებს იმასაც ასწავლიან, თუ როგორ შეინარჩუნონ ოჯახში ჰარმონია. თბილისის გარდა მალე მამების სკოლა ქუთაისშიც გაიხსნება.
ავტორი: ნინო ფუტკარაძე