ამ წუთებში ნინოწმინდის პანსიონში გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ესწრებიან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, საპატრიარქოს კომისიის, UNICE-ის და "ვორლდ ვიჟენის" წევრები. მხარეები ბავშვზე მზრუნველობის ფორმის შეცვლის საკითხს განიხილავენ. კიდევ ერთი მთავარი თემა ჩაკეტილ დაწესებულებაში მედიის და სახალხო დამცველის შეშვებაა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ თითოეული ბავშვის ინტერესი მაქსიმალურად იქნას დაცული.
"ერთობლივად ვიზრუნებთ, რომ როგორც აქ, ასევე თვითონ გადაყვანის პროცესი და ოჯახში ინტეგრაციის პროცესი იყოს, პირველ რიგში, ბავშვებისთვის უმტკივნეულო. ამ ეტაპზე იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ვიმსჯელოთ, ბავშვის საუკეთესო ინტერესია რა არის. ყველა ბავშვს ერთი და იგივე არ შეიძლება დავუგეგმოთ და ცალსახად, დღეს მოჭრით ვთქვათ, რომ ეს არის საუკეთესო გამოსავალი. ბავშვების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს აქ არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ძალადობის თითოეულ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება არის და მოჰყვება შესაბამისი შედეგები,“ - აცხადებს თამილა ბარკალაია.
პასნიონის ირგვლივ გამოთქმულ ბრალდებებს საპატრიარქოში პასუხობენ. საპატრიარქოს კომისიის წარმომადგენელი, მამა გიორგი (ფირცხელიანი) ამბობს, რომ საპატრიარქო ღია არის თანამშრომლობისთვის და მზად არის პასუხი გასცეს ყველა დასმულ კითხვას.
"ყველა ხედავთ, რომ საპატრიარქო ღია არის თანამშრომლობისთვის, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა ის ღირებულებები, რომლის ირგვლივაც შეკრებილია მორწმუნე საზოგადოება, იყოს სრულად დაცული და ამ ღირებულებებში, რა თქმა უნდა, საპატრიარქოსთვის უმნიშვნელოვანესია ბავშვები და ბავშვთა უფლებების დაცვა,“ - აცხადებს მამა გიორგი (ფირცხელიანი).