საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი, სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოს სპირიდონ აბულაძის, სიძულვილის ენის შემცველ მორიგ განცხადებას გამოეხმაურა.
მთავარეპისკოპოსი ნინო ლომჯარიას "სახალხო გამხრწნელად" მოიხსენიებს და ასევე, საკუთარ განცხადებაში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელსაც ახსენებს.
საიას წარმომადგენლის შეფასებით, გავრცელებული განცხადება კიდევ ერთხელ დასტურია, რომ პანსიონის ხელმძღვანელობა პატივს არ სცემს არც კანონს და არც ინსტიტუციებს. მისი თქმით, ამ ფაქტზე რეაგირება პირველ რიგში, ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს.
"როდესაც სახალხო დამცველს არ უშვებს პანსიონის ხელმძღვანელობა შიგნით, ეს რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ ეჭვს აჩენს.
სამწუხაროა, რომ პანსიონის ხელმძღვანელობის მხრიდან გაკეთდა აგრესიული განცხადებები, როგორც სახალხო დამცველის, ისე გაეროს წარმომადგენლების მიმართ, როდესაც ისინი გვთხოვენ და მოგვიწოდებენ, რომ კანონის მოთხოვნები დავიცვათ. პირველ რიგში ამაზე რეაქცია უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას.
გავრცელებული განცხადება კიდევ ერთხელ დასტურია იმის, რომ პანსიონის ხელმძღვანელობა პატივს არ სცემს არც კანონს და არც იმ ინსტიტუციებს, რომლებიც მოგვიწოდებენ, რომ სახალხო დამცველმა თავისი უფლებამოსილებები განახორციელოს," - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.
მმართველი გუნდის წევრი გურამ მაჭარაშვილი კი აცხადებს, რომ ბავშვთა უფლებები ყველგან უნდა იყოს დაცული. მისი თქმით, პანსიონის საკითხზე სრული მონიტორინგი მიმდინარეობს.