ორთაჭალაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ორ მათგანს, მათ შორის ერთ ბავშვს დღეს ოპერაცია უნდა გაუკეთონ.
"ნიუ ჰოსპიტალსის" ექიმი-რეანიმატოლოგის ალექსანდრე მხაგრძელის განცხადებით, პაციენტები კლინიკაში ზოგადი პოლიტრავმის დიაგნოზით არიან შესული. მისივე თქმით, მართვით სუნთქვაზე არც ერთი მათგანი არ იმყოფება.
"ამჟამად ჩვენს კლინიკაში რჩება 4 პაციენტი. სამის ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე, ერთის ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ორ პაციენტთან იგეგმება ოპერაციული ჩარევა. მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.
პაციენტები არიან ზოგადი პოლიტრავმის დიაგნოზით შემოსული. მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ იმყოფება," - განაცხადა ალექსანდრე მხარგრძელმა.
გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
უბედური შემთხვევა თბილისში გუშინ მოხდა, კრწანისის ქუჩაზე სატვირთო მანქანა ჯერ მსუბუქ ავტომობილს დაეცა, რომელშიც ადამიანები ისხდნენ, შემდეგ კი ავტომობილებთან და ხალხთან ერთად საავადმყოფოს ეზოში გადავარდა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 4 კი დაშავდა.
ავტორი: ნინი ფუტკარაძე