ფსიქოლოგი ლიკა ბუწაშვილი ნინოწმინდის პანსიონში დარჩენილი 23 ბენეფიციარის აღმზრდელებისადმი მიჯაჭვულობის შესახებ "დღის კურიერში" საპატრიარქოს მოსაზრებას ეხმაურება.
ფსიქოლოგის განმარტებით, პრობლემები ბავშვების პანსიონიდან გამოყვანის თაობაზე ცხადია იქნება, ვინაიდან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი სრულფასოვან და მხარდამჭერ ოჯახში იმყოფება, სტრესია.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ლიკა ბუწაშვილის განმარტებით, მსგავსად დიდი ინსტიტუციები უნდა დაიხუროს, რადგან ბავშვების დატოვება უსაფრთხო მიჯაჭვულობის წარმოქმნის სირთულეს წარმოადგენს.
ფსიქოლოგი ამბობს, რომ ბავშვების გამოყვანა პანსიონიდან უნდა იყოს კარგად დაგეგმილი და შესაბამისი სპეციალისტების ჩართვით განხორციელებული.
"პრობლემები ცხადია იქნება ამ კუთხით, რომ შევხედოთ, წარმოიდგინეთ ოჯახი, სადაც ბავშვს აქვს სრულფასოვანი გარემო, მხარდამჭერი ოჯახი და ა.შ. იცვლის საცხოვრებელ სახლს - ასეთი დიაგნოზიც ფსიქიატრიაში არსებობს, კერძოდ ადაპტაციის დარღვევები, როდესაც იგულისხმება, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილების გავლის შედეგად ზოგიერთ ადამიანს, განსაკუთრებით ბავშვები მოწყვლადები არიან ამ მიმართულებით, უვითარდება სხვადასხვა სიმპტომი.
იქ რა გარემოა, ამაზე არ ვსაუბრობ, ამაზე შესაბამისი კომპეტენციის მქონე ადამიანები და ინსტიტუტები საუბრობენ და ისაუბრებენ ამის შემდგომაც, მაგრამ აპელირება იმითი, რომ პრობლემები იქნება, არ არის სწორი, გამომდინარე იქიდან, რომ პრობლემები იქნებოდა ყველა შემთხვევაში. იმიტომ, რომ ცხადია, გარემოს შეცვლა ბავშვებისთვის მარტივი არ იქნება და ეს უნდა იყოს ძალიან კარგად დაგეგმილი და შესაბამისი სპეციალისტების ჩართვით განხორციელებული, რომ ნაკლებად სტრესული იყოს ბავშვებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში, მეტსაც გეტყვით, შეიძლება თვეები და წლებიც დასჭირდეს იმას, რომ ადაპტაციის პროცესი ჯანსაღ რელსებზე დადგეს, მაგრამ ცალსახად ბავშვები არ უნდა იმყოფებოდნენ ასეთ ინსტიტუციაში, არამარტო იმიტომ, რომ ეს ნინოწმინდის დაწესებულებას ეხება, ეს ნებისმიერ დიდ ინსტიტუციას ეხება.
სწორედ უსაფრთხო მიჯაჭვულობის წარმოქმნის სირთულე არის ის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამტკიცებენ სპეციალისტები, რომ ასეთი ტიპის სახლები უნდა დაიხუროს იმიტომ, რომ ასეთი ტიპის სახლებში უსაფრთხო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება არის უკიდურესად რთული," - განაცხადა ლიკა ბუწაშვილმა.