19 ნოემბერი 2024,   22:19
ვრცლად
"წლებია ვხედავთ ან ნელთბილ რეაგირებას ან ფეხებზე დაკიდებას" - ზაზა გახელაძის მხარდამჭერ აქციას აქტივისტები თბილისიდანაც შეუერთდებიან

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წევრები გახელაძის ოჯახს უერთდებიან. თბილისში შეკრებილი აქციის წევრები ქვემოჭალაში ზაზა გახელაძის მხარდამჭერ აქციაზე მიემართებიან.

აქციას უერთდებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. პოლიტიკური მოძრაობის "დროას" დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას თქმით, აქცია მნიშვნელოვანია როგორც მორალურად, ისე ამ მიმართულებით კონკრეტული შედეგის მისაღწევად.

"ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აქტიურობა, ეს მორალურად მნიშვნელოვანია პატიმრისთვის და კონკრეტული შედეგისთვის, რადგან ჩვენ თუ არ ვიმოქმედეთ, ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ჩუმად ყოფნას ამჯობინებს. ამიტომ, ეს აქცია არის არა მხოლოდ მორალური მხარდაჭერა, არამედ ქმედება, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას, რომ მართლაც ეფექტურად იმოქმედოს და გამოიყვანოს ზაზა გახელაძე,"- აცხადებს ელენე ხოშტარია.

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია კი აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა ხელისუფლების უმოქმედობაა და აქციაც სწორედ ამას ეძღვნება. 

"ქვეყანას სჭირდება მთავრობა, რომელიც მტრის ამ მოქმედებას უპირისპირებს ყველაფერს, რაც მის ხელთაა. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ გვყავს მთავრობა, რომელსაც ეს პოლიტიკური ამოცანა აქვს დასახული, რადგან წლებია ვხედავთ ან ნელთბილ რეაგირებას, ან ფეხებზე დაკიდებას,"- აცხადებს გიგა ბოკერია.

დღის ამბები