სახალხო დამცველი ნინოწმინდაშია. ნინო ლომჯარია პანსიონში რამდენიმე თანამშრომელთან და ფსიქოლოგთან ერთად იმყოფება. ომბუდსმენი ვარაუდობს, რომ ბავშვებს თავისუფლად საუბარი გაუჭირდებათ, ამიტომ ის არ გამორიცხავს განმეორებით გასაუბრებასაც.
"გვახლავს ბავშვთა ფსიქოლოგიც, იმ შემთხვევისთვის, თუ ბავშვებს ექნებათ სურვილი გავესაუბროთ და ვაპირებთ მათთან გასაუბრებასაც. რა თქმა უნდა, შეიძლება თავისუფლად მაინც ვერ შეძლონ ბავშვებმა და თუ ამის საჭიროებას დავინახავთ, განმეორებითაც გავესაუბრებით.
მიმაჩნია, რომ ამ კედლებში, ამ სივრცეში და იმ აღმზრდელების პირობებში ბავშვები თავისუფლად ვერ გამოხატავენ საკუთარ ნებას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ბავშვები გადაიყვანონ ალტერნატიულ ზრუნვაში,"- აცხადებს ნინო ლომჯარია.
კომენტარი გააკეთა ნინოწმინდის პანსიონის ახალმა მმართველმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმაც.
"დასტრესილები იყვნენ ბავშვები, მათ შორის, ჟურნალისტებისგანაც. ახლა სიტუაცია დაწყნარებულია, ხომ ნახეთ ბავშვებიც როგორ შეხვდნენ, მიესალმნენ, ჰოდა ახლა დაგვაცადეთ, გავიაროთ საკითხები,"- განაცხადა ეპისკოპოსმა.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 2018 წლის შემდეგ პირველად იმყოფება.