19 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
ჩვენი მიზანია ბავშვებს სხვა ალტერნატივა შევუქმნათ, დავუბრუნოთ ოჯახებს ან შევქმნათ პატარა ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლები - UNICEF-ის წარმომადგენელი

საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება.

შეხვედრის მიზანი ნინოწმინდის პანსიონში შექმნილი ვითარების განხილვა იყო. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განმარტებით, მცირე ზომის სახლების პროექტში ჩართვის სურვილი შეხვედრის ყველა მონაწილემ გამოთქვა.

სასულიერო პირებთან მოლაპარაკებაზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 

შეხვედრაზე იმყოფებოდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი, რომელმაც განაცხადა, რომ საუბარი საკმაოდ ნაყოფიერი იყო. 

"განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული სიტუაცია ვხედავთ უკვე მივაღწიეთ პროგრესს. ამავდროულად კვლავ გრძელდება სიტუაციაზე მონიტორინგი, კონკრეტულად კი ბავშვებზე, რომლებიც კვლავ ადგილზე რჩებიან. ჩვენ ვხედავთ გამჭვირვალობას და ღიაობას, რაც აუცილებელია. ჩვენ ფოკუსირებულები ვართ ბავშვების კეთილდღეობაზე. პარლამენტს ჰყავს ასევე სამუშაო ჯგუფი, რომელიც ბავშვების უფლებებზე მუშაობს, ჩვენ ამას მივესალმებით, რადგან პარლამენტის მუშაობა ამ მიმართულებით საქმეს წაადგება. ვფიქრობ, დღეს ძალიან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა,"- აცხადებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი.

ასევე, შეხვედრაზე მყოფმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ემი კლენსმა განაცხადა, რომ "იუნისეფი" მხარს უჭერს მთავრობას სიტემის გაძლიერებაში.

"ჩვენი მიზანია ბავშვებს სხვა ალტერნატივა შევუქმნათ. დავუბრუნოთ ისინი ოჯახებს ან შევქმნათ პატარა ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლები. ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ ბავშვების უსაფრთხოებაში. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ოჯახებს რომ მათ არ მოუწიოთ ასეთი რთული გადაწყვეტილებების მიღება. "იუნისეფი" მხარს უჭერს მთავრობას სიტემის გაძლიერებაში, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ რომ ბავშვები საუკეთესო გარემოში არიან,"- აღნიშნავს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ემი კლენსი.



 

დღის ამბები