პარტია "საქართველოსთვის" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვს. გიორგი გახარიას თანაგუნდელებმა ამ საკთხზე პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. ანა ბუჩუკურის თქმით, შერჩევის პროცესის გაგრძელება 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.
"მოსამართლეთა დანიშვნის მიმდინარე პროცესი უნდა შეჩერდეს. ჩვენ შევასრულებთ პარლამენტის წევრის მანდატიდან გამომდინარე ფუნქციას და არ შეჩერების შემთხვევაშიც ფიზიკურად დავესწრებით სხდომებს და გამოვიყენებთ ტრიბუნას, რათა კიდევ ერთხელ დავანახოთ საზოგადოებას მიმდინარე პროცესების მანკიერი მხარეები, თუმცა, მხარს არ დავუჭერთ ამგვარი პროცესის საფუძველზე შერჩეულ მოსამართლეთა კანდიდატებს,"- განაცხადა ბრიფინგზე ანა ბუჩუკურმა.
ბუჩუკურის განცხადებით პარტია "საქართველოსთვის" უახლოეს მომავალში კლანური ჯგუფის გავლენის შესამცირებლად საკანონმდებლო ინიციატივის დარეგისტრირებას აპირებს, რომელიც მიმართულია სასამართლოში "გავლენის ჯგუფების" აღმოფხვრისკენ. ცვლილებით შეიცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და დაემყარება ე.წ. ორმაგი 2/3-ის პრინციპს. კერძოდ, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იქნება საბჭოს მოსამართლე წევრების 2/3-ისა და არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობა.