თბილისი პრაიდის ფარგლებში ფილმის დახურულ ჩვენებაზე დიპლომატები პოლიციის მიერ მოწყობილი უსაფრთხო კორიდორის გავლით შევიდნენ და ტერიტორია ასევე უსაფრთხოდ, თუმცა პრაიდის მოწინააღმდეგეთა უხერხული შეძახილებისა და საყვირების ფონზე დატოვეს.
განვითარებულ მოვლენებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატებმა. ელჩები პრაიდის კვირეულის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ და აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებების პატივისცემა ქვეყნის პროგრესისთვის აუცილებელია.
ელჩები ასევე იმედოვნებენ, რომ ღირსების მარში მშვიდობიანად - ძალადობის გარეშე ჩატარდება.
გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს.
"ადამიანებს, რომელსაც სურთ, რომ იყვნენ აღიარებულები საზოგადოების ნაწილად, უნდათ აღიარებულები იყვნენ საქართველოში. ამ ადამიანებს შეკრების უფლება ნამდვილად აქვთ და მათი შეკრება უნდა იყოს დაცული,"- აღნიშნა ქნირშმა.
საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი ამაყია, რომ საქართველოს ევროპულ ქვეყნად გარდაქმნაში მონაწილეობას იღებს.
"ვფიქრობ შესანიშნავი ისტორია ვითარდება საქართველოში. ის განვითარდება ქვეყნად რომელიც უფრთხილდება ინდივიდუალურ უფლებებს, მრავალფეროვნებას და თანამედროვეობას. ეს მარში ეხება საქართველოს ევროპულ ქვეყნად გარდაქმნას,"- აცხადებს დიეგო კოლასი.
დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი პოლიციას მადლობას უხდის, რომ აქციის დროს სიმშვიდე უზრუნველყვეს.
"ყველას უნდა ჰქონდეს შეკრების უფლება. ადამიანის უფლებების პატივისცემა მნიშვნელოვანია. დიდი ბრიტანეთი ამაყია, რომ ღონისძიებას მხარს უჭერს. ჩვენ საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვის ძლიერი მხარდამჭერები ვართ ადამიანების უფლებების პატივისცემა კი ამ ორი ორგანიზაციის მთავარი ღირებულებაა,"- აღნიშნა მარკ კლეინტონმა.