16 ნოემბერი 2024,   23:05
ვრცლად
მივმართავ "კლან" მოსამართლეებს, თუ არ გინდათ ცხოვრება დაიმსხვრიოთ, უარი თქვით კონკურსში მონაწილეობაზე - გიორგი ვაშაძე

სასამართლო სისტემის მთავარი გამოწვევები და ე.წ. კლანის გავლენები - მართლმსაჯულების კუთხით არსებულ პრობლემებზე კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" დღეს ფორუმს მართავს. დისკუსიის მიზანი არსებული ხარვეზების გამოკვეთა და მათზე რეაგირების გზების გამონახვაა.

არასამთავრობო სექტორი მთავარ გამოწვევად არაჯანსაღ გავლენებს ასახელებენ.

"ჩვენ ხელში არის ის, რომ წარმოვადგინოთ ჩვენი რეკომენდაციები, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია ეწინააღმდეგება და არ იზიარებს ამ რეკომენდაციებს. ჩვენ ძალიან ბევრი წელია ვმუშაობთ, როგორც სასამართლოს, ასევე სხვა საკითხებზე. გვქონია გამოცდილება, როდესაც ხელისუფლება რაღაც ეტაპზე ამას არ ითვალისწინებს, მაგრამ შემდეგ უკვე იძულებულია ეს გააკეთოს. დღეს უკვე ჩვენს მხარეს არის მთლიანად საერთაშორისო საზოგადოება, რომლებიც ხელისუფლებას მოუწოდებენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ," - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორმა ეკა გიგაურმა.

რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტებს, ოპოზიციის შეფასებით, "ქართულმა ოცნებამ" უნდა შეაჩეროს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა, როგორც ეს შარლ მიშელის დოკუმენტში არის გასაზღვრული.

გიორგი ვაშაძის თქმით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უნდა წარიმართოს, უაზრო ბიუროკრატიაა, რომელშიც "სტრატეგია აღმაშენებელი" მონაწილეობას არ მიიღებს. 

ჩვენ არ ვიღებთ რაღაც უაზრო ბიუროკრატიულ პროცედურაში მონაწილეობას, რომელიც ჩამოყალიბდა იურიდიულ კომიტეტში, რაღაც დიპლომების შემოწმებას აპირებს იურიდიული კომიტეტი. უბრალოდ სასაცილოა და ცინიკურია საერთოდ ამ პროცესში მონაწილეობის მიღება. მივმართავ ამ კანდიდატ "კლან" მოსამართლეებს - თუ არ გინდათ, რომ თქვენი ცხოვრება დაიმსხვრიოთ, თქვენივე საქმიანი რეპუტაცია საბოლოოდ შელახოთ, გაემიჯნეთ და უარი თქვით ამ კონკურსში მონაწილეობაზე,"- განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება თავად მოსამართლეებს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მერაბ ტურავას თქმით, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ უნდა შეფასდეს, თუ როგორ წარიმართა პროცესი.

"ეს არის თემა, რომელიც არის პოლიტიკისა და სამართლის ნაზავი და შესაბამისად, თუ რა გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის მიერ, როგორ წარიმართება ეს პროცესი საბოლოოდ, რა შედეგს მივიღებთ, ამის წინასწარ თქმა ჩემის მხრიდან ძნელია. საბოლოო შედეგი როგორიც იქნება, იმის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ ეს პროცესი სწორად იყო წარმართული, თუ არასწორად," - აღნიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ.

დღის ამბები