ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღებაა ელჩის რეზიდენციაში.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი ამაყობს, რომ აშშ-ს 245-ე დამოუკიდებლობის დღეს ქართველ მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად აღნიშნავს. კელი დეგნანის განმარტებით, პანდემიის გამო საელჩოში ვერ მოხერხდა დიდი ღონისძიების გამართვა, თუმცა იმედოვნებს, რომ მომავალ წელს ეს ბარიერი არ შეიქმნება.
"ძალიან ვამაყობ, რომ დღეს აღვნიშნავთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 245-ე წლის თავს ჩვენს ქართველ მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად. სამწუხაროდ პანდემიის გამო ვერ შევძელით დიდი ღონისძიების გამართვა საელჩოში, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამას მომავალ წელს შევძლებთ.
4 ივლისი არის დღე, როდესაც ამერიკა აღნიშნავს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელის მოწერას, როდესაც ჩვენ პატივს მივაგებთ თავისუფლებას, რომლისთვისაც ძალიან ბევრმა იბრძოლა და სიცოცხლეც გაწირა. ჩვენ ამერიკელები გარკვეულ პრივილეგიებს როგორც ბუნებრივ მოცემულობას ისე ვღებულობთ, რომელიცაა დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ამ დღეს ჩვენ ვაფასებთ ჩვენ ფუნდამენტურ პრინციპებს, თანასწორობის, თავისუფლების, ინდივიდუალური უფლებებისა და კანონის უზენაესობის. ეს ის ღირებულებებია, რაც საერთო გვაქვს ამერიკელ და ქართველ ხალხს, ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ ამ დღის აღნიშვნა შემიძლია ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად, რათა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ ამერიკისა და საქართველოს მეგობრობას," - განაცხადა კელი დეგნანმა.
ადგილზე მაღალი პოლიტიკური რანგის პირები, მესამე სექტორის წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები არიან. ისინი ელჩს 4 ივლისის დადგომას ულოცავენ.
ენმ-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის არა მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, არამედ ზოგადად თავისუფალი სამყაროსთვის.
"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" და "მაკდონალდს საქართველოს" პრეზიდენტი თემურ ჭყონია ამბობს, რომ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე საქართველოსთვისაც უდიდესი დღესასწაულია, ვინაიდან ამერიკის დახმარებისა და კონსულტაციების გარეშე ჩვენი ქვეყანა ვერ მიიღებს საჭირო თანამედროვე შეხედულებებს.