16 ნოემბერი 2024,   23:06
ვრცლად
პრემიერის განცხადება მიმართული იყო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად - მინისტრებს ღარიბაშვილის განცხადებაზე განმარტებების გაკეთება მოუწიათ

თბილისში, რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რა დროსაც ღირსების მარშის მოწინააღმდეგე აგრესიული ძალები, მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ განცხადებები გააკეთეს მთავრობის წევრებმაც. მინისტრებმა მედიის მიმართ ძალადობა დაგმეს და განაცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტებს  შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. ამასთან მთავრობის წევრებს განმარტება მოუწიათ პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციამ ძალადობის წამქეზებლად შეაფასა:

"პრემიერის განცხადება მიმართული იყო იმისკენ, რომ თავიდან იყოს აცილებული დაპირისპირება და მსგავსი ფაქტები," - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

სამწუხარო ფაქტი და მიუღებელი უწოდა მედიაზე თავდასხმას ნათია თურნავამ და მანაც განმარტება პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე გააკეთა

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, თუ ყურადღებით უსმენდით მთლიანად არის მიმართული იქითკენ რომ არსებული რისკები რის შესახებაც ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია იყოს თავიდან არიდებული არ მოხდეს დაპირისპირება, ძალადობა. მთლიანად ეს არის პრევენციული ხასიათის განცხადება, რის შედეგადაც აგრესიის გამოვლენის შესაძლებლობა ნაკლებად იქნება," - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, დღეს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი ჩატარება მიზანშეუწონლად მიაჩნია. მისი თქმით, დღევანდელი აქცია, სამოქალაქო  დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს და მოსახლეობის უმრავლესობისთვის აქციის ჩატარება მიუღებელია.

დღის ამბები