16 ნოემბერი 2024,   23:06
ვრცლად
საქართველოს მივცემთ საშუალებას, რამდენიმე ეტაპს "გადაახტეს" და შემოგვიერთდეს იმ ეტაპზე, რაც ევროკავშირშია - ევროკომისარი

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე იმ დახმარების გეგმაზე ისაუბრა, რომლითაც საქართველოს ეკონომიკა ევროკავშირს უფრო დაუკავშირდება და ახალ განზომილებაში გადავა. მისივე თქმით, საქართველოს მიეცემა საშუალება, რომ რამდენიმე ეტაპს "გადაახტეს“ და პირდაპირ შეუერთდეს იმ ეტაპს, რაც ახლა არის ევროკავშირში. როგორც ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, ამ გეგმით საქართველო შეძლებს მინიმუმ 3.9 მლრდ ევროს ინვესტიციის მოზიდვას.

"ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვამაყობ რომ გასულ წელს დაგეხმარეთ, ჩვენ დავეხმარეთ ქვეყანას 400 ათასი სამუშაო ადგილის შენარჩუნებაში. მხარი დავუჭირეთ 78 ათას ოჯახს საქართველოში და ინტენსიური რეანიმაციის განყოფილებების გაძლიერებაში დაგეხმარეთ. იმედი მაქვს ესეც გუშინდელი დღეა და შეგვიძლია ახალ ეტაპზე მუშაობა დავიწყოთ.

თქვენთან საუბრისას, ბატონო პრემიერო, დავადგინეთ, რომ მთავარი დაბრკოლება, მთავარი სისუსტე ეკონომიკაში და საზოგადოებაში არის დაკავშირებადობის ცნების არ ქონა. იქნება ეს გზები და რკინიგზა, იქნება ეს გამოუყენებელი პოტენციალი, რაც შავი ზღვის რეგიონში არსებობს, თუ იქნება ეს დაკავშირებადობა მთავარ ელექტრო და ინტერენეტ-ქსელებთან, ყველა ეს ასპექტი დიდი პოტენციალის მქონეა და შეუძლია საქართველოს ეკონომიკა წინ წაიყვანოს და ახალ განზომილებაში გარდაქმნას. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა, რომლითაც დაკმაყოფილდება ეს გამოწვევა.

დაკავშირებადობა შეიქმნება ეკონომიკის გაძლიერების, მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერების, ადგილობრივი თემების გაძლიერების სახით, გაუმჯობესდება წვდომა ციფრულ სერვისებზე მთელ ქვეყანაში და ასევე, საქართველო წარედგინება ჩვენს ახალ მწვანე კონცეფციას და ჩვენს მეგობრებს. საქართველოს მივცემთ საშუალებას, რომ რამდენიმე ეტაპს „გადაახტეს“ და პირდაპირ შემოგვიერთდეს იმ ეტაპზე, რაც ახლა არის ევროკავშირში. ამ გეგმით საქართველო შეძლებს მინიმუმ 3.9 მლრდ ევროს ინვესტიციის მოზიდვას. ეს არის ერთი მესამედი იმისა, რაც ქვეყანას მშვიდობის პერიოდში, კოვიდის კრიზისამდე ჰქონდა მთლიანი შიდა პროდუქტის სახით. ეს არის აზრიანი, დიდი პაკეტი დახმარებისა, თუმცაღა ეს არის უშველებელი ამოცანა ყველა ჩვენგანისთვის. ესაა შესაძლებლობა და ჩვენ ერთად მოგვიწევს მუშაობა, ძალიან დიდი შრომა მოგვიწევს, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში დავნერგოთ. ბატონ პრემიერთან ჩვენ ვისაუბრეთ იმ ძლიერ სტრუქტურებზე, რომელიც გვჭირდება საქართველოში, ამ პროგრამის განხორციელებისთვის. მიგვაჩნია, რომ ეს პროექტები შეძლებენ ცვლილების განხორციელებას ადგილზე, ქვეყნის მოქალაქეებისთვის, დღეიდან, მომდევნო 5 წლის განმავლობაში და რეალობა ქვეყანაში შეიცვლება იმ ხალხისთვის, ვისაც უნდა ვაჭრობა, საქმის წარმოება, მუშაობა, სწორი უნარ-ჩვევების მიღება, ყველაფერი ეს იქნება აბსოლუტურად განსხვავებული დღევანდელი დღისგან, ძალიან მსგავსი იმისა, რაც ჩვენ ევროკავშირში გაგვაჩნია,"- აღნიშნა ვარჰეიმ.

ირაკლი ღარიბაშვილმა ოლივერ ვარჰეის და ევროკავშირს დახმარების პაკეტისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 3.9 მლრდ ევროს დახმარების პაკეტი, რომელიც შედგება 1 მილიარდ 175 მილიონი ევრო გრანტის და დანარჩენი სესხისგან, ეს არის კონკრეტული ხელშესახები, რაც ევროკავშირისგან შეიძლება მიიღოს ქვეყანამ და ხალხმა.

დღის ამბები