შესაძლოა "მთავარი არხის" დირექტორის პოსტი, ნიკა გვარამიამ დატოვოს. მის შემცვლელად კი "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დიმიტრი შაშკინი სახელდება. ინფორმაციას ამის შესახებ, "პრაიმტაიმი" ავრცელებს.
"პრაიმტაიმს" წყარო "ნაციონალური მოძრაობიდან" უყვება, რომ ეს გადაწყვეტილება, ცოტა ხნის წინ პირადად, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.
"პრაიმტაიმი" ინფორმაციის გადასამოწმებლად ამბის მთავარ ფიგურანტებს დაუკავშირდა. დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია აქამდე არ სმენია და ახლა პირველად შეიტყო.
"არა რა სისულელეა, არც ყოფილა მსგავსი საუბარი, არც რაიმე სახის შემოთავაზება,"- აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.
არსებულ ინფორმაციას "პრაიმტაიმთან" უარყოფს ნიკა გვარამიაც.
"რა შაშკინი ჩამანაცვლებს? ჩემთვის ეს უცნობი ამბავია," - ამბობს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი.
"მთავარ არხთან" არანაირი კონტაქტი არ მაქვს, მაგრამ ეს ინფორმაცია სრულიად აბსურდულად მეჩვენება," - აცხადებს "პრაიმტაიმთან" ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი. იგივეს ადასტურებს რომან გოცირიძეც და განმარტავს, რომ ასეთი რამ მასაც არ სმენია.
"პრაიმტაიმს" ინფორმირებული წყარო უყვება, რომ გადაწყვეტილება, "მთავარ არხზე" გენერალური დირექტორის ცვლილების შესახებ, სააკაშვილთან სულ ცოტა ხნის წინ მიიღეს და ის მხოლოდ ძალიან ვიწრო წრისთვის არის ცნობილი, თუმცა ძალიან მალე ოფიციალურადაც გაასაჯაროებენ.