16 ნოემბერი 2024,   23:09
ვრცლად
შეძრწუნებულები ვართ "ტვ პირველის" ოპერატორის ტრაგიკული სიკვდილის გამო - საერთაშორისო გამოხმაურებები

ნიდერლანდების ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელის "ტვიტს" აზიარებს და წერს, რომ ის მხარს უჭერს კარლ ჰარცელის განცხადებას და აღნიშნავს, რომ შოკირებულია "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით. მაიკე ვან კოლდამი ოჯახს უსამძიმრებს და წერს რომ გმობს ყოველგვარ ძალადობას.

"ჩემი სრული მხარდაჭერა ამ განცხადებას. მე შოკირებული ვარ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით, რომელსაც 5 ივლისს თავს დაესხნენ დაგეგმილი პრაიდის მოვლენების დროს. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. მე ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, როგორც ჟურნალისტების წინააღმდეგ ასევე ჰომოფობიით შთაგონებულ ძალადობას," - წერს მაიკე ვან კოლდამი.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება საფრანგეთის ელჩი საქართველოში. დიეგო კოლასი საკუთარი "ტვიტერის" გვერდიდან ოჯახს სამძიმარს უცხადებს და ხაზს უსვამს შეკრებისა და პრესის თავისუფლების მნიშვნელობას. დიეგო კოლასი საკუთარ განცხადებაში გმობს სიძულვილს, დისკრიმინაციასა და ძალადობას.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტის შესახებ წერენ გაეროს განვითარების პროგრამის "ტვიტერის" გვერდზე. განცხადებაში სამძიმარს უცხადებენ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ასევე აღნიშნულია, რომ მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება ის დემოკრატიული ფასეულობებია რომელთა დაცვაც აუცილებელია. 

"ჩვენ შეძრწუნებულები ვართ "ტვ პირველის" ოპერატორის ტრაგიკული სიკვდილის გამო, რომელიც 5 ივლისს, თბილისში ძალადობრივ მოვლენებს მოჰყვა. მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება არის დემოკრატიული ფასეულობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია. ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახს, მის მეგობრებს და კოლეგებს," - აღნიშნულია გაეროს განვითარების პროგრამის განცხადებაში.

დღის ამბები