16 ნოემბერი 2024,   23:01
ვრცლად
"ახლა უნდათ ერთი კარგი მიწოლა და აორთქლდებიან როგორც შარშანდელი თოვლი" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას სოციალური ქსელით ეხმაურება. "ახლა უნდათ ერთი კარგი მიწოლა და აორთქლდებიან როგორც შარშანდელი თოვლი"- წერს მიხეილ სააკაშვილი. 

მესამე პრეზიდენტის ფეისბუქ პოსტს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. "მამუკა ხაზარაძის აზრით, სააკაშვილის განცხადებები დესტრუქციულ ქმედებებს ემსახურება.

"შორიდან შეძახილებს მიხეილ სააკაშვილმა თავი უნდა დაანებოს. ჩემი აზრი ამ ადამიანთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ გამოვთქვი, პრეზიდენტი, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებს, მისი გამონათქვამები მე არ მაინტერესებს. მისი განცხადება სამწუხაროდ ემსახურება ბევრ დესტრუქციულ ქმედებას,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი მამუკა ხაზარაძე.

განსხვავებულად ფიქრობენ "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილს აზრის გამოთქმას ვერავინ აუკრძალავს.

"ვერავინ ვერ აუკრძალავს მიხეილ სააკაშვილს, რომ განცხადებები გააკეთოს. ყველას შეუძლია თავისი შეფასება გააკეთოს ამ განცხადებაზე, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ საჭირო არის ბრძოლა. ამ ბრძოლაზე ამახვილებს ყურადღებას მიხეილ სააკაშვილი,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ზაალ უდუმაშვილი.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება ადასტურებს, რომ პროცესები მისი მხრიდან იმართება.

"მთავარი არის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიბრუნოს ხელისუფლების სადავეები და რა მოხდება, როგორ განხორციელდება, რა პროცესები იქნება და რამდენი ადამიანი შეეწირება ამ პროცესებს, ეს მისთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის თქმით, სააკშვილის გუნდი ადამიანების ტკივილს და უბედურებას ნიღბად იყენებს.

"ამის უკვე სერიოზულად აღქმაც კი შეუძლებელია. დასანანია იმ ადამიანთა ტკივილის და უბედურების ნიღბად გამოყენება, რომელიც სინამდვილეში მათ არ აწუხებთ,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები