16 ნოემბერი 2024,   23:01
ვრცლად
ოპოზიციის ნაწილი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას აპირებს, "ქართული ოცნება" კი აცხადებს, რომ ოპოზიცია 76 ხმას ვერ მოაგროვებს

მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა" და პარტია "ლელომ" უკვე დაიწყეს კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან.

მათი განმარტებით, პროცესის დასაწყებად 50 ოპოზიციონერის ხმაა საჭირო და, ხელმოწერების შეგროვების შემთხვევაში, ისინი ბიუროს სხდომაზე ახალ სამთავრობო სიას და პროგრამას დაარეგისტრირებენ.

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ საჭიროა გეგმა, რომელსაც საზოგადოება გაეცნობა.

"საჭიროა გეგმა, რას ვთავაზობთ ხალხს პრემიერის გადადგომის შემთხვევაში. ღარიბაშვილი გადადგეს და კობახიძე დაინიშნოს, ეს ჩემთვის არაფერს ცვლის,"-აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

"ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ რომ ოპოზიციის ეს ინიციატივა რეალობას მოკლებულია და მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად არანაირი საფუძველი არ არსებობს.

ასევე, "ქართულ ოცნებაში" ეჭვი ეპარებათ, რომ ოპოზიცია 76 ხმას მოაგროვებს, რომელიც მთავრობის უფლებამოსილების შესაჩერებლად პლენარულ სხდომაზეა საჭირო.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება პოპულისტურია. 

"ეს არის დამატებითი ასპარეზის გახსნა საკუთარი პოპულისტური გეგმებისთვის ოპოზიციის მხრიდან. მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება პოპულისტური ნაბიჯია,"-აღნიშნა სარჯველაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო აცხადებს, რომ პრემიერის გადადგომის რეალური მიზეზი არ არსებობს.

"ოპოზიცია გადაეჩვია საქმის კეთებას და უბრალოდ, პროტესტით უნდათ მიაღწიონ მიზანს. დღეს თავს შევიკავებ მკაცრი კრიტიკისგან, რადგან ახალგაზრდა ადამიანის [ლექსო ლაშქარავას] დაკრძალვის დღეა და მინდა, კიდევ ერთხელ გამოვთქვა მწუხარება,"-აღნიშნა სერგეენკომ.

დღის ამბები