პარლამენტის საგარეო საქმეთა ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მასთან შეხვედრისას დოკუმენტის პუნქტების შესრულებასთან დაკავშირებით დისკუსია შედგება. თუმცა, ხელაშვილი აღნიშნავს, რომ მიშელის ასეთი ხშირი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკითხებს არ უკავშირდება.
"მისი ასეთი ხშირი ვიზიტი საქართველოში არ უკავშირდება მხოლოდ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკითხებს. თუმცა ამასთან ერთად დარწმუნებული ვარ ის დაინტერესდება იმ პოლიტიკური ვითარებით რაც არის ქვეყანაში.
გვექნება დისკუსია, თუ რა მდგომარეობაშია ეს დოკუმენტი. როდესაც ჩვენ ყველა პუნქტს ძალიან სკრუპულოზურად მივყვებით, სამწუხაროდ ოპოზიცია ან არ აწერს ხელს, ან ხმას არ აძლევს შეთანხმების პუნქტებს," - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
შარლ მიშელი ისევ ჩამოდის. ევროპული საბჭოს პრეზიდენტს თბილისში რამდენიმე დღეში ელოდებიან. "ქართული ოცნება" აპირებს, რომ მიშელს მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის 5-6 ივლისის მოვლენებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. იმის შესახებ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თბილისს ეწვევა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა.