25 ელჩის ხელმოწერით წერილის მთავარი ადრესატი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურია. დიპლომატებმა შეტყობინების ასლები, ორთაჭალის გარდა, მთავრობის ადმინისტრაციის, ქვეყნის მთავარი დიპლომატიური უწყების და იუსტიციის სამინისტროს მისამართებზეც გაგზავნეს, რადგანაც, ევროკავშირის ელჩები 5 ივლისის მოვლენებში მთავრობის კოლექტიურ პასუხისმგბელობას ხედავენ. წერილის ავტორები ხელისუფლებისგან სამართლებრივ და პოლიტიკურ რეაგირებას ელოდებიან.
5 ივლისის და მომდევნო დღეების მოვლენებმა ევროპა რომ ღრმად შეაშფოთა, ეს წერილის პირველივე ფრაზებიდან ჩანს. დიპლომატები ვახტანგ გომელაურს პირდაპირ ეუბნებიან, რომ ქვეყანაში განვითარებულმა პროცესებმა ჩრდილი მიაყენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი ქვეყნის იმიჯს. წერილის ავტორები, ასევე, ღია ტექსტით მიმართავენ ადრესატს, რომ 5 ივლისს კონსტიტუციით დაცული უფლებები არ იყო უზრუნველყოფილი, რომ ჟურნალისტებს არ მიეცათ შესაძლებლობა უსაფრთხოდ და უვნებლად შეესრულებინათ სამუშაო.
ოპოზიციისთვის ელჩების წერილი მკაცრი გაფრთხილებაა. მმართველი გუნდის ოპონენტებმა შეტყობინებაში ამოიკითხეს გზავნილი, რომ თუ 5 ივლისის ფაქტებზე სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება არ მოხდება, საქართველოს ევროპულ მოედანზე ყოფნას საფრთხე შეექმნება.
პოლიტიკური რეაგირება პოლიტიკური თანამდებობების დატოვებას არ ნიშნავს უმრავლესობისთვის. მმართველი გუნდისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობა სამართლიან სამართლებრივ რეაგირებაზე გადის. ევროპელი დიპლომატების წერილის შეფასების დროსაც, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ძირითადი მახვილები სწორედ გამოძიებაზე და იმ ნაბიჯებზე გააკეთეს, რაც სახელმწიფომ უკვე გადადგა.