"ქართული ოცნების" ლიდერების ნაწილის წერილს,
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველი გუნდის ეს განცხადება ნიშნავს, რომ ის საერთაშორისო პარტნიორებს არ უსმენს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მსგავსი მწვავე განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მისამართით დიდი ხანია არ ახსოვთ.
"მმართველი პარტიის განცხადება არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ რა დონეზე, შინაარსობრივად, სისტემურად არ ესმით რას ეუბნებიან ის სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც დღის და ღამის განმავლობაში მუშაობენ ამ ქვეყნის განვითარებაზე, ჩვენს დაცვაზე, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მხრიდან, პირდაპირ ინვესტირებაზე," - აცხადებს პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, კახაბერ ქემოკლიძე.
პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ამგვარი კრიტიკისა და ამერიკის ელჩის განცხადებების შემდეგ, შემდეგი ნაბიჯი რაც დარჩა - სანქციებია.
"ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკის მერე და ელჩის ასეთი დაზუსტების მერე, შემდეგი ნაბიჯი რაც დარჩა, არის სანქციები. თუ რუსეთის იმედი არ გაქვს და იმის თამაშს არ თამაშობ, როგორ შეიძლება მშვიდად უყურებდე, როდესაც ფაქტობრივად საუბარია ერთადერთ ისეთ პარტნიორზე, რომელმაც შეიძლება დაგიცვას ამ რეგიონშიც კი," - ამბობს იაგო ხვიჩია.
პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ დასავლეთის მიერ გაკეთებული მსგავსი მწვავე განცხადებები გასული 9 წლის მანძილზე არ ახსენდება.
"გაფრთხილება დახმარების შეჩერებაზე ევროკომისიიდან მიღებული აქვს ქართულ ოცნებას, გაფრთხილება შესაძლო სანქციების შესახებ მიღებული აქვს ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, ამაზე უფრო მწვავე რეაგირება დასავლეთის ქართული ოცნების მიერ განხორციელებულ პოლიტიკაზე, მე გასული 9 წლის მანძილზე არ მახსენდება," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.