პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ეკონომიკის აღმავლობა დაიწყო. მისივე განმარტებით, აპრილის თვეში საქართველოს, რეგიონშიც და მსოფლიოშიც უპრეცედენტო ზრდა ჰქონდა.
პრემიერი ივლისის თვეშიც ეკონომიკის ორნიშნა ზრდას ელოდება, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რადიკალურ, დესტრუქციულ ძალებს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის პროცესის შეჩერება სურთ.
"ეკონომიკის სწრაფი აღმავლობა დაიწყო. აპრილის თვეში ჩვენ გვქონდა რეგიონშიც და მსოფლიოშიც უპრეცედენტო ზრდა, 45%-იანი ზრდა, მაისში 25%-იანი, ივლისშიც ველოდებით ორნიშნა ზრდას.
პირველ 5-6 თვეში ჩვენ გვაქვს 11-12%-იანი ზრდა, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ წელს მაღალი ალბათობით გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს მეტ კეთილდღეობას, მეტ შემოსავლებს ბიუჯეტში და რა თქმა უნდა, მეტ საქმეს, მეტი ასეთი პროექტების განხორციელებას.
ბიზნესი არის ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი და ჩვენ ძალიან გაგვახარებს, ტურისტების მომრავლება ინიშნება ქუჩებში და ხედავთ თქვენ, რომ გადავსებული არის ფაქტობრივად სასტუმროები და ეს, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე.
ვის სურს ამ პროცესის შეფერხება? ამ პროცესის შეფერხება, რა თქმა უნდა სურთ, რადიკალურ, დესტრუქციულ ძალებს, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის მტრებს," - განაცხადა პრემიერმა.