16 ნოემბერი 2024,   23:02
ვრცლად
რატომ არ დაუშვეს მედიის ნაწილი პრემიერ-მინისტრის ღონისძიებაზე - "კურიერს" მთავრობის ადმინისტრაციიდან უპასუხეს

დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო ქალაქის მშენებლობის პროცესს გაეცნო, თუმცა ღონისძიებაზე რამდენიმე მედიასაშუალება არ მიიწვიეს. "კურიერმა" მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა კითხვით, თუ რატომ არ მიეცათ ჩვენს კოლეგებს ღონისძიებაზე დასწრების საშუალება. მთავრობის ადმინისტრაციაში განგვიმარტეს:

"პრემიერ-მინისტრი ყოველთვის პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს, დღესაც მან ყველა ჟურნალისტის დასმულ კითხვას უპასუხა. 

"მთავარ არხს", "TV პირველს" და "ფორმულას" არ აინტერესებთ პასუხები კითხვებზე, ისინი მუდმივად იქცევიან დესტრუქციულად და მხოლოდ თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგს მიყვებიან.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ "მთავარმა არხმა", "TV პირველმა" და "ფორმულამ" გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი, ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ფინანსდებიან და პირდაპირ მართულები არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი რადიკალური ძალების მიერ და ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. 

შესაბამისად, ამ მიზეზით, დღეს არ მოხდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის ტელეკომპანიების მოწვევა ღონისძიებაზე".

"რუსთავი2" მიიჩნევს, რომ მედიის დაყოფა დაუშვებელია, ნებისმიერ ჟურნალისტს უნდა მიეცეს სამთავრობო ღონისძიებაზე დასწრების და ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის კითხვის დასმის საშუალება.

დღის ამბები