ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის სამხრეთ კავკასიის რეგიონში პრობლემების მოგვარებაში უფრო ღრმად ჩაერთოს.
შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ შესაძლებელი იქნება სამხედრო ტყვეების საკითხის მოგვარება, დანაღმული ტერიტორიების შესახებ რუკების გადაცემა და საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია.
"მოგიწოდებთ, გააგრძელოთ მუშაობა რეგიონში სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად. იმედი გვაქვს, შესაძლებელი იქნება სამხედრო ტყვეების საკითხის მოგვარება, დანაღმული ტერიტორიების შესახებ რუკების გადაცემა და საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია.
ასევე იმედი გვაქვს, მოლაპარაკებების საშუალებით შესაძლებელი გახდება დისკუსიები თანამშრომლობის თაობაზე, სატრანსპორტო კომუნიკაციებზე, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას. სამშვიდობო მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია.
ევროკავშირი მზად არის, უფრო აქტიურად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიის პრობლემების მოგვარებაში, ასევე განამტკიცოს კავშირები ამ რეგიონთან.
ევროკავშირს სურს, მეტად ჩაერთოს რეგიონში, გააძლიეროს კავშირები რეგიონის ქვეყნებთან და შეასრულოს შესაბამისი სამუშაოები "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის მოსამზადებლად.
ევროკავშირი მზად არის, იყოს ახლოს და იყოს კონსტრუქციული პარტნიორი პრობლემური საკითხების გადასაჭრელად და დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციისთვის," – განაცხადა შარლ მიშელმა.
ცნობისთვის, სომხეთიდან, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში, კერძოდ ბათუმში ხვალ ღამით ჩამოვა.